ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესტუმრა. მინისტრმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში გარემონტებული ლაბორატორიები და სასწავლო აუდიტორიები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში თსუ-ში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და სათანადოდ აღიჭურვა დაახლოებით 1,177 კვ.მ. ფართი. მოეწყო უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორიები და სასწავლო აუდიტორიები. გაკეთდა ქიმიის ლაბორატორია შესაბამისი ვინტილაციითა და გამწოვი სისტემით, დამონტაჟდა საშხაპეები საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გამოსაყენებლად. ლაბორატორიები აღიჭურვა საჭირო ხელსაწყოებითა და ავეჯით. თსუ-ში სულ დაგეგმილია 4,700კვ.მ სასწავლო აუდიტორიებისა და ტექნოლოგიური და სამეცნიერო ლაბორატორიების გარემონტება და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო აუდიტორიებისა და ლაბორატორიების გარემონტება და მშენებლობა სამივე პარტნიორ უნივერსიტეტში. გარემონტდება და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება 6,401 კვ.მ. ფართის აუდიტორიები და ლაბორატორიები ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობებში. ასევე, იგეგმება 2,000 კვ.მ. ახალი შენობის აგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.