პირველად საქართველოში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება ქიმიაში (IChO). ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადას თბილისი 2016 წლის 23 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ეს ოლიმპიადა ქიმიის ოლიმპიადებს შორის ყველაზე ფართომასშტაბიანი, მსოფლიოში ცნობილი და ძალიან დიდი რეპუტაციის მატარებელი ღონისძიებაა, რომელიც არაჩვეულებრივ გამოცდილებას სძენს საუკეთესო მოსწავლეებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყნიდან.
„ოლიმპიადა 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად, ამ ეტაპზე, 84 ქვეყანაა დარეგისტრირებული. გარდა იმისა, რომ ჩვენი მოსწავლეები საკუთარ ქვეყანაში, მათთვის უფრო კომფორტულ გარემოში იასპარეზებენ, საქართველოში ჩამოვლენ უცხოელი მოსწავლეები, მენტორები, მთავარი მენტორები, სამეცნიერო დამკვირვებლები, ჯამში - 700-800 ადამიანი. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ვანახოთ მსოფლიოს საქართველო, მისი კულტურა და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა.
ოლიმპიადის არსებობის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველო მასპინძლობს ასეთი დონის ღონისძიებას. მსგავსი შესაძლებლობა არა მარტო საქართველოს, თითოელ ქვეყანას ათეოლობით წლების განმავლობაში ერთხელ ეძლევა, ვინაიდან 2021 წლამდე უკვე გაწერილია პროგრამა თუ რომელ ქვეყანაში ჩატარდება მომდევნო წლების ოლიმპიადა.
ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ელიზბარ ელიზბარაშვილმა, ქიმიის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, პროფესორ გაბორ მაგიარფალვის სახელით, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის დროშა დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადასცა.