საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებით, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია „კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე - 150“ გაიმართა.
ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საკრებულოს თავმჯდომარე, ცნობილი მეცნიერები და ბევრი საპატიო სტუმარი დაესწრო. ღონისძიებაზე გაკეთდა მოხსენებები, საიდანაც სტუმრებმა მოისმინეს საინტერესო და ბევრისათვის აქამდე უცნობი დეტალები კათოლიკოს-პარტიარქის ცხოვრებიდან.
კონფერენციის ფარგლებში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის საარქივო მასალები, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის დაცული - პატრიარქის პირადი მიმოწერა, ფოტოარქივი, მოგონებები და გამოკვლევები.
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის უდიდესი ხელნაწერი მემკვიდრეობის საცავი საქართველოში. იგი ემსახურება ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, სამეცნიერო პროდუქციის შექმნის გზით, ხელს უწყობს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდასა და განვითარებას.