საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბერილუსს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ,,ბერილუსის“ თანამშრომლობით 2014-2015 წლებში წამოწყებული საქმიანობის შენარჩუნებას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდების თანატოლებთან სოციალიზაციისა და მათი სწავლით დაინტერესების ხელშეწყობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია ,,ბერილუსის“ თანამშრომლობით, 2014 წლიდან დღემდე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მუშაობს კითხვისა და თეატრის კლუბები, სადაც ერთ თემში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობის მქონე მოზარდები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს, კითხულობენ ნაწარმოებებს და ამზადებენ სპექტაკლებს, მომზადებული სპექტაკლების ჩვენება კი, იმართება როგორც მათ ადგილობრივ თემში, ისე თეატრალურ ფესტივალებზე, რაც ხელს უწყობს როგორც თავად მოზარდების მიერ საკუთარი შესაძლებლობების გააზრებასა და თვითშეფასების ზრდას, ისე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებთან მიმართებაში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულების შეცვლას.
იგეგმება და ხორციელდება აქტივობები სკოლის მიღმა დარჩენილი და ლინგვისტური პრობლემების მქონე ბოშა მოზარდების სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლებისა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით. საქმიანობის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე მოხდა 175 ბოშა მოზარდის ჩარიცხვა სკოლაში.
საქართველოს რეგიონებში მცხოვრები რეპატრირებული და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე მესხი მოზარდების თანატოლებთან სოციალიზაციისა და მათში სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლების მიზნით, 2014 წლიდან დღემდე განხორციელდა არაერთი აქტივობა, მათ შორის სემინარები, საზაფხულო სკოლები, ადგილობრივ თემში ამუშავდა კითხვისა და თეატრის კლუბები. დღეისათვის საქმიანობაში ჩართულია 106 მესხი მოზარდი.
2014 წლიდან დღემდე ხორციელდება აქტივობები ქალაქ სამტრედიის N15 საჯარო სკოლის ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოზარდების თანატოლებთან სოციალიზაციის, მათი აკადემიური და კომუნიკაციური უნარების დახვეწისა და საზოგადოებაში რესოციალიზაციის მიმართულებით.
მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოზარდების, დევნილების, ბოშა და მესხი მოზარდებისა და მათი თანატოლებისათვის ეწყობა საზაფხულო სკოლები, სადაც დასვენებასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოზარდების აკადემიური უნარების, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის უნარების დახვეწასა და ლინგვისტური პრობლემების მქონე მოზარდების სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლებას.
განახლებული თანამშრომლობის მემორანდუმი, სხვა სამიზნე ჯგუფებთან ერთად, საქმიანობაში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები მუსლიმური აღმსარებლობის მოზარდების ჩართვასა და მათი სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს.