„ევროსტუდენტი“ არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა, რომელსაც ახორციელებს „ევროსტუდენტის“ საერთაშორისო კონსორციუმი. კვლევის მიზანია შეისწავლოს ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური პირობები და გამოავლინოს სტუდენტების წინაშე მდგარი გამოწვევები (http://www.eurostudent.eu/index_html).
„ევროსტუდენტი“ 90-იანი წლებიდან რეგულარულად ხორციელდება ევროპის ოცზე მეტ ქვეყანაში. 2014 წელს საქართველომ “ევროსტუდენტის” მე-5 ტალღაში მიიღო მონაწილეობა, როგორც საპილოტე ქვეყანამ. „ევროსტუდენტის“ კონსორციუმის მიერ 2016 წლიდან დაიწყო პროექტის მე-6 ტალღა, რომელიც 2018 წელს დასრულდება. კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყანა. აღნიშნულ ტალღაში საქართველო სრულად არის ჩართული.
„ევროსტუდენტი VI“-ის ეროვნული კვლევა მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს კოორდინაციით და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მხარდაჭერით. კვლევას ახორციელებს კვლევითი კომპანია - „აიფიემ კვლევები“.
„ევროსტუდენტი VI“ ფართომასშტაბიანი კვლევაა, მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები.
კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია გაანალიზდება საერთაშორისო ექსპერტების მიერ, მომზადდება შედარებითი ანალიზი. შედეგები ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის.
კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია გაანალიზდება, ასევე, ადგილობრივი განათლების ექსპერტების მიერ, გამოვლინდება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების წინაშე არსებული გამოწვევები და შემუშავდება რეკომენდაციები.
საბოლოო ჯამში, კვლევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშუალებას მისცემს დაგეგმოს სტუდენტთა სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის ადეკვატური პოლიტიკა და შესაბამისი პროგრამები.