2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დღეს ისინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სხვადასხვა საგანში მოპოვებული გამარჯვებისთვის დააჯილდოვეს.
ოლიმპიადაში წელს საშუალოდ, 100 000-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას და იგი X-XII კლასის მოსწავლეებისთვის შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული). ოლიმპიადა ასევე ჩატარდა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეეძლოთ უსინათლო მოსწავლეებსაც (გამოყენებულია ბრაილის შრიფტი). ოლიმპიადა მოიცავს 3 ეტაპს: სასკოლო, რეგიონული და დასკვნითი ტურები. ოლიმპიადის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზურნველყოფს, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოების წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ოლიმპიადის შედეგად 121 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა: I ადგილი (15 მოსწავლე), II (15), III (14) და 77 საუკეთესო ათეული. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისად 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით. გარდა მოსწავლეებისა, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ რეიტინგული სიის I, II, III ადგილებზე გასული სკოლები (29) .
„წარმატებული სკოლებისა და პედაგოგების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ახლო მომავალში, ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგები. (თანხები ჩაერიცხებათ სკოლის ანგარიშებზე).