ოთხი საერთაშორისო ორგანიზაცია - ,,განათლების ინტერნაციონალი (EI)”, UNESCO, ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)“ და გაეროს განვითარების ფონდი, 2016 წლის 5 ოქტომბერს მასწავლებლის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის მიღების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვინაიდან 5 ოქტომბერი სამუშაო დღეა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პირველ ოქტომბერს, სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეთა 700–ზე მეტ წარმატებულ პედაგოგთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრნენ.
შეხვედრა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარემ გახსნა – მისასალმებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ახალი მოძრაობა მასწავლებლის დაფასებისა და პროფესიის პრესტიჟის ამაღლების მიზნით, რაც სრულ თანხვედრაშია მასწავლებლის საერთაშორისო დღის ინიციატორი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის–განათლების ინტერნაციონალის, UNESCO, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და გაეროს განვითარების ფონდის ერთობლივ გზავნილთან, ერთწლიანი კამპანიის სლოგანთან–,,მასწავლებელთა დაფასება, მათი სტატუსის ამაღლებისათვის“.
გვჯერა რომ სერიოზული ძვრები მოხდება ჩვენს ქვეყანაში:
მასწავლებლები დაიბრუნებთ უსამართლოდ დაკარგულ ავტორიტეტსა და ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, დაფასდება თქვენი შრომა და ვფიქრობთ, შორს არ არის ის დროც, როდესაც მასწავლებლის საერთაშორისო დღე ჩვენს ქვეყანაში გადაიქცევა სახალხო ზეიმად – აღნიშნა თავის მიმართვაში მაია კობახიძემ.
დამსწრე საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის ყველა პედაგოგს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელმაც თავის ვრცელ სიტყვაში ზოგად განათლებაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. მინისტრმა პედაგოგთა მოსაზრებებიც მოისმინა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
ღონისძიების ფარგლებში, წარმატებულ პედაგოგებს სიგელები გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.