საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ორგანიზაცია ,,ვორლდ ვიჟენ საქართველოსთან“ (,,World Vision Georgia”) ერთად, ახორციელებს ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროექტს მიუსაფარი ბავშვებისთვის. პროგრამის მიზანია სკოლის, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვებისა და ახალგაზრდების საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია, მათ შორის მიუსაფარი ბავშვების (ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების) სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათთვის აუცილებელი სასიცოცხლო და საბაზისო აკადემიური უნარების განვითარება და ასაკის შესაბამისი ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლისთვის მომზადება.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეზოში მიუსაფარი ბავშვების მონაწილეობით ,,ცარცით ხატვის ფესტივალი” ჩატარდა, რომელშიც სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის დღის ცენტრებში მყოფი მიუსაფარი ბავშვები, ამ შემთხვევაში კი, სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.
ფესტივალს საფუძვლად დაედო მიუსაფარ ბავშვებთან ჩატარებული კვლევა, სადაც ბავშვებმა საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს სწავლასთან, არაფორმალურ განათლებასთან, საგანმანათლებლო/შემეცნებით ღონისძიებებთან დაკავშირებით.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს მიესალმა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ დღის ცენტრების პროვაიდერი ორგანიზაციების ,,ვორლდ ვიჟენ საქართველოს“, ,,საქართველოს კარიტასი“ და ,,ბავშვი და გარემოს“ წარმომადგენლები. მომავალში ამ ბავშვებისთვის სხვა არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო, სახელოვნებო თუ, სპორტული ღონისძიებების ჩატარებაა დაგეგმილი.