განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის მიმართულებით კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ისრაელის კომპანია ATC (JSC Aerostructure Technologies Cyclone)-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ATC არის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია და ინვესტორი, რომელმაც საქართველოში საპარტნიორო ფონდთან ერთად საფუძველი ჩაუყარა სამოქალაქო თვითმფინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმის განსაზღვრა. ATC-ის ქართულ ბაზარზე ხარისხიანი ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება კვალიფიციური კადრების არსებობა, ვინაიდან ავიაციასთან დაკავშირებული საქმიანობა განსაკუთრებულ კომპეტენციას მოითხოვს.
შეხვედრაზე მხარეები მომავალი კადრების რეკრუტირებისა და გადამზადების მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ პროცესში ჩაერთვება, ქართული როგორც პროფესიული ასევე, უმაღლესი სასწავლებლები. შერჩეული პირები პირველ ეტაპზე გადამზადებას ისრაელში გაივლიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო გეგმავს გააღრმავოს პარტნიორული ურთიერთობები აღნიშნულ კომპანიასთან და სამომავლოდ საფუძველი ჩაუყაროს ერთობლივი სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებას, უნივერისტეტის ან პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე.