კონკურსი „მე–ომბუდსმენი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით გაიმართა.
ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი კულტურა სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას წარმოადგენს. კონკურსი „მე ომბუდსმენი“ უნიკალურ შანსს აძლევს 13-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს გაეცნონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლებს და სახალხო დამცველის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობას და ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კონკურსი წელს უკვე მეშვიდედ გაიმართა. თამაში 10 ოქტომბერს დაიწყო და რეგისტრაცია 864 გუნდმა (1728 მოსწავლე) გაიარა. პირველი და მეორე ტურის გავლის შემდეგ, მესამე, საფინალო რაუნდში 22 მოსწავლე გადავიდა. ფინალური რაუნდის ნაშრომები 3 დამოუკიდებელი ექსპერტისაგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.
კონკურში მონაწილე მოსწავლეებს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და პროექტ „მე ომბუდსმენის“ ავტორი არჩილ თალაკვაძე მიესალმნენ, მიულოცეს გამარჯვება და საჩუქრები გადასცეს.