კოალიციის "განათლება ყველასათვის" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიაციატივითა და ორგანიზებით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანია და შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს და მისი სლოგანია „მომავალი განათლებაშია“. ინიციატივა პირველად ხორციელდება საქართველოში და მასწავლებელთა პოპულარიზაციისაკენ მიმართული გლობალური კამპანიის „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის 5 ფინალისტი სექტემბერში გამოვლინდება, ხოლო მათგან ერთ-ერთს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და პრიზი - 10 000 ლარი გადაეცემა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი, ტელეკომპანია "იმედი" და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური - „ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, შევუერთდეთ მასწავლებლების გლობალურ ჯილდოს, რომელშიც მრავალი ქვეყნის მასწავლებელი მონაწილეობს. მოგეხსენებათ, საკმაოდ სოლიდური პრიზია, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ, პრიზთან ერთად, ეს არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და პროფესიის პრესტიჟის ზრდას განაპირობებს, თითოეულ მასწავლებელს უჩენს მოტივაციას, გახდეს ბევრად უკეთესი და მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. გლობალური კონკურსის საწყისი ეტაპი სწორედ ეროვნული ჯილდოა“.
ეროვნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო ან კერძო ავტორიზებულ დაწესებულებაში. კონკურსანტების რეგისტრაცია ვებგვერდზე — www.tprize.ge —31 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს. ამის შემდეგ, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს, საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული, 17 წევრისაგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიური დაკომპლექტებულია: განათლების სპეციალისტების, სამეცნიერო/სასწავლო წრეების წარმომადგენლების, საზოგადო მოღვაწეებისა და საკუთარ პროფესიაში წარმატებული ადამიანებისგან.