15 აპრილიდან, მანდატურები თბილისის შვიდ საპილოტე საჯარო სკოლაში შევიდნენ და თავიანთი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ. ეს სკოლებია: 1 ექსპერიმენტული, მე-11, 23-ე, 24-ე, 51-ე, 52-ე, 117-ე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ 117-ე საჯარო სკოლაში პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თავად წარუდგინეს მანდატურები და კიდევ ერთხელ განმარტეს ამ ახალი ინიციატივის მნიშვნელობა. თავიანთ მომავალ საქმიანობაზე ისაუბრეს და აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს მანდატურებმაც.
დანარჩენ ექვს საჯარო სკოლაში მანდატურები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა წარადგინეს.
მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალბატონია, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ და სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც დაეხმარებათ სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენცია და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა უზრუნველყონ. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განახორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნელოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდნენ, აქვთ სპეციალური ფორმა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.