განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე აპლიკაციების მიღება დასრულდა. პროგრამის ფარგლებში სულ 34 განაცხადი შემოვიდა.
ამ სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული პირები შეძლებენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების გაუმჯობესებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შინაარსი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს.
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა შეიძლება იყოს არაუმეტეს 3 თვის ვადის ხანგრძლივობის. კონკურსის საფუძველზე გაიცემა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო კომისია.
საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 ქულა.
კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:
პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური.
მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე კონკურსანტი შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.
მესამე ეტაპი - გასაუბრება. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.
კონკურსის დასრულებისას ჯამდება კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე დაგროვილი საშუალო ქულები, რის საფუძველზეც ვლინდება კონკურსის საბოლოო შედეგი.
კონკურსის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის 20 აგვისტომდე.