საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის იწყებს ახალი პროგრამის განხორცილებას საჯარო სკოლებში, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებას.
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სკოლის ასაკში შრომითი/პროფესიული უნარების გამომუშავება მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ხელს უწყობს მათი აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას და ეხმარება განათლების შემდგომ საფეხურზე ეფექტურ გადასვლაში. სწორედ ამ მიზნით სამინისტრო აცხადებს კონკურსს საუკეთესო პროექტების გამოსავლენად!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს. დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნულმა დაწესებულებებმა, ბენეფიციარ სკოლასთან/სკოლებთან უნდა გააფორმონ თანამშრომლობის მემორანდუმები და მასთან/მათთან თანამშრომლობით მოამზადონ საკონკურსო განაცხადი/განაცხადები (იხ. დანართი: საკონკურსო განაცხადის ფორმა) და წარმოადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 სექტემბერი.
კონკურსი საშუალებას აძლევს განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებას, გაერთიანდნენ და ურთიერთთანამშრომლობის გზით, მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება გახადონ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი.
სამინისტროს მხრიდან ასევე მომზადებულია მეთოდოლოგიური რეკომენდაციების დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის შრომითი უნარების განმავითარებელი აქტივობების მიზნების, განხორციელების გზების, მოსწავლეთა შეფასებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გისურვებთ წარმატებებს!
შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზს: 2 200 220
საკონკურსო განაცხადის ფორმა
მეთოდოლოგიური რეკომენდაციები