სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
ხარაგაულის, ხონისა და ჭიათურის სკოლებიდან, ტრენინგში ამჯერად 170-მდე დირექტორი და შერჩეული ფასილიტატორი მონაწილეობს, რომლის მუშაობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ლია გიგიური და ქეთი ნატრიაშვილი გაეცნენ და მონაწილეებს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, სამინისტროს გეგმებსა და სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. ასევე, მასწავლებლებში განავითაროს ლიდერობის და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული. ტრენინგები ტარდება როგორც თელავში, ასევე ბაზალეთსა და წყალტუბოში.