15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს თბილისის 143-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა. ამავე დღეს, მინისტრი თბილისის 32–ე საჯარო სკოლას, კერძო „მწვანე სკოლას“ და იტალიურ სკოლას ეწვია. სკოლის წარმომადგენლებს ალექსანდრე ჯეჯელავამ პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.
ახალ სასწავლო წელს, საჯარო და კერძო სკოლებში 575 000 მოსწავლეს ელოდებიან, მათგან 50 300 პირველკლასელი საჯარო სკოლებშია დარეგისტრირებული, 6 000 კერძო სკოლებში. უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ასევე, სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე და ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეებს.
15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი საჩუქრად გადაეცემა. კომპიუტერი დაურიგდებათ ასევე პირველკლასელების დამრიგებლებსაც.
2017-2018 სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო, აქტიური და შინაარსიანი იქნება როგორც
ფორმალური განათლების ნაწილში, ისე დამატებითი აქტივობების თვალსაზრისით.
საინტერესო იქნება გაკვეთილები, რომელსაც
ჩვენი მასწავლებლები ჩაატარებენ, ვინაიდან ზაფხულის
განმავლობაში
პედაგოგებს, პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ძალიან ბევრი
საინტერესო ტრენინგი ჩაუტარდათ სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ჩაუტარდათ
ტრენინგები სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგლებს და დირექტორებს – როგორ
გახდნენ ისინი სასწავლო პროცესის ლიდერები, როგორ დაეხმარონ მასწავლებლებს იმაში,
რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო უკეთესი, საინტერესო, ინტერაქტიული და შედეგზე
ორიენტირებული გახდეს. ამიტომაც ველით, რომ წელს გაკვეთილები მეტად ეფექტური და
საინტერესო იქნება.