სკოლამდელ დაწესებულებებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი სტანდარტები დაამტკიცა.
სტანდარტები, ერთი მხრივ, ბაღის აღმზრდელ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ, სასკოლო ასაკის ბავშვებს სკოლისთვის აუცილებელი უნარების შეძენაში დაეხმარება.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტებით განსაზღვრულია 0-დან 2 წლამდე ბავშვის ადრეული განვითარების, 2-დან 3 წლამდე და 4-დან 5 წლამდე ბავშვების საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტები.
დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს სკოლამდელი დაწესებულების გარემოსა და სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის მახასიათებლებს.
რაც შეეხება აღმზრდელ -პედაგოგთა პროფესიულ სტანდარტს, ახალი მიდგომით, დადგინდა თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა ფლობდნენ აღმზრდელ-პედაგოგები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვის და შეფასებისთვის.
სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, სტანდარტი ყველა აღმზრდელ-პედაგოგისათვის სავალდებულო იქნება.