საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო"-ს მიერ ქალაქ რუსთავის 21- ე საჯარო სკოლაში, ქვემო ქართლის, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მამია მორალიშვილმა, ქვემო ქართლის საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, 174 წარჩინებულ მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
წელს, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 2557 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება. 2017 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება 2009 წლიდან, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება,თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება.