შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა კონფერენცია "შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები" გამართა.
კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის წარედგინა ფონდის საკონკურსო პროგრამებისა და ღონისძიებების 2017 წლის ანგარიში, გაეცნო ფონდის მიერ ადმინისტრირებული ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების შედეგები, დაფინანსებული კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას გამოვლენილი სირთულეები და გამოწვევები, კონკურსების შეფასების განახლებული პროცედურები და კრიტერიუმები, მულტილატერალური პროგრამების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. კონფერენციის დღის წესრიგი ასევე მოიცავდა პრეზენტაციებს ფონდის 2018 წლის გეგმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
კონფერენციის მონაწილეებს სტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა: „მისასალმებელია საჯაროობა და გამჭვირვალობა, რომლის პირობებშიც სამეცნიერო ფონდი წარმართავს მუშაობას. ასევე მივესალმებით ღია კონკურსისა და კონკურენციის პრინციპების, შეფასების საერთაშორისო სისტემის დანერგვას და ამ გზებით საუკეთესო ხარისხის კვლევების გამოვლენას... მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება ერთი დიდი ოჯახია. ჩვენ ამ ოჯახის ღირსეული, სრულფასოვანი წევრობის ყველა რესურსი გვაქვს. მოხარული ვარ, რომ რუსთაველის ფონდი ძალისხმევას არ იშურებს ამ მიზნის მისაღწევად. სამინისტრო ამ მიმართულებით ფონდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს“.