საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტთან ელგუჯა მელაძესთან ერთად, საერთაშორისო კონფერენცია „გამოცდილება პროფესიულ განათლებაში“ გახსნა.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენს, მონაწილე მხარეებმა განიხილონ დამსაქმებელთა ორგანიზაციების როლის გაძლიერება პროფესიული განათლების სფეროსა და სოციალურ პარტნიორობაში, ასევე გაიზიარონ რეგიონალური და საერთაშორისო გამოცდილება პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენისა და მიმოხილვის კონტექსტში.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.
ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის პარტნიორები - სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია; რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორები - ყაზახეთი, ლატვია, უკრაინა; გერმანიის საელჩო, გერმანულ-ქართული საგანმანათლებლო საზოგადოება, ასევე, საქართველოს პროფკავშირები, პროფესიული სასწავლებლები, სექტორული ასოციაციები და სავაჭრო პალატები.