პორტუგალიის განათლების მინისტრის მიწვევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მინისტრებთან, პედაგოგთა კავშირების ლიდერებთან და განათლების ექსპერტებთან ერთად, განათლების მინისტერიალში მონაწილეობს.
მინისტერიალი პორტუგალიის მთავრობის ორგანიზებით ტარდება და სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებს და პედაგოგთა ორგანიზაციებს საშუალება აძლევს ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ, ამასთან, სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელონ. საქართველოდან დელეგაციის წევრები არიან პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე და საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი არჩილ სუმბაძე.
ფორუმის დღის წესრიგში დგას ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა თანამედროვე და მომავლის სკოლა, მასწავლებელი, მოსწავლე და ზოგადად, პედაგოგიკა. ფორუმის ფარგლებში განიხილავენ თუ როგორ შეიძლება შეიქმნას სწავლების უკეთესი პირობები პედაგოგთა წახალისებითა დამხარდაჭერით, ასევე მსჯელობენ ინოვაციური პედაგოგიკის, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების ინიცირების, გაზიარების და შეფასების საკითხებზე.
ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პორტუგალიის სასკოლო სისტემას, დაათვალიერონ სკოლები და შეხვდნენ დაინტერესებულ მხარეებს.
ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელი სხვადასხვა ქვეყნების განათლების მინისტრებთან და სფეროს ექსპერტებთან, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს.