ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯერებისთვის სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა. სახელმძღვანელო პროფესიული განათლების რეფორმების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში შეიქმნა, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება საპილოტე სასწავლებლებში.
სახელმძღვანელო დეტალურად აღწერს სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტის შემუშავების პროცესს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გამართული და ხარისხიანი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას სასწავლებლებში. შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული, როგორც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელოს პილოტირება განხორციელდა ორ სასწავლებელში - „მერმისი“ და „საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია“ (საპილოტე კოლეჯების შერჩევა განხორციელდა, თავად სასწავლებლების მიერ გამოთქმული სურვილის და მზადყოფნის შესაბამისად). ღონისძიებაზე საპილოტე კოლეჯების დირექტორებმა მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს, ბოლოს კი აქტიური და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის სიმბოლურად დაჯილდოვდნენ.