პროფესიულ განათლებაში კერძო კომპანიების ჩართულობის მიზნით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ), „შუხმან ვაინს ჯორჯია“-ში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
გერმანელმა ექსპერტებმა მონაწილეებს ღვინისა და ტურიზმის სექტორში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობები გააცნეს. ასევე, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური პროფესიული განათლების სარგებლიანობაზე, კომპანიებისათვის პროგრამაში ჩართულობის მნიშვნელობასა და საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელაბაში მონაწილეობის პროცედურებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, GIZ-ის ხელშეწყობით ახორციელებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით „მევენახე-მეღვინის” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვას. აღნიშნული პროგრამა გრძელდება სამი წელი, მოიცავს მევენახეობის, მეღვინეობის, ადმინისტრირებისა და ასევე ღვინის მარკეტინგის მოდულებს. პროგრამა ხორციელდება ერთობლივად, კოლეჯისა და პარტნიორი საწარმოს მიერ, რომლის ფარგლებშიც სწავლის შედეგების 60% და მეტი ღვინის კომპანიებში პრაქტიკული სწავლებითა და რეალური სამუშაოს შესრულებით მიიღწევა. 2016 წლიდან, პროგრამაში ჩართულია ორი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და ღვინის 11 საწარმო.