საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია დღეს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა უმასპინძლეს.
შეხვედრის დასაწყისში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონსა და დელეგაციის სხვა წევრებს, განათლების სფეროში არსებული პროცესები და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მათ შორის ისაუბრა, ბანკის დაფინანსებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია მსოფლიო ბანკთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალიან წარმატებული პროექტები ექნება და ის მიმართულებები, რომელზედაც სამინისტრო აქტიურად მუშაობს წარმატებით დასრულდება.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა თავის მხრივ, კმაყოფილება გამოხატეს არსებული თანამშრომლობით და ამ ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.