21 დეკემბერს, მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრში FABRIKA/ფაბრიკა, საქართველოს ახალგაზრული ორგანიზაციების რიგით IX საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა.
მინისტრის მოადგილის თქმით: „განათლების სამინისტრო კარგად აცნობიერებს ახალგაზრდობის მნიშვნელობას ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის და მზად არის აქტიურად ჩაერთოს ახალგაზრდებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის პროცესში. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობის პრიორიტეტს სწორედ ახალგაზრდული მიმართულებების განვითარება წარმოადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და მათი კომპეტენციების გაზრდა.“
ახალგაზრდული ორგანიზაციების რიგით IX ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელმა სამთავრობო უწყებებმა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ჩართული არიან ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობაში. ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები.
ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის შედეგებზე დაყრდნობით, მოგვიანებით შემუშავდება დოკუმენტი, რომელშიც აისახება მოსაზრებები ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხელშესაწყობად.
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმის მიზანია სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მონაწილე ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება, ახალგაზრდულ სფეროში არსებული პროცესებისა და გამოწვევების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი, 2007 წლიდან, UNFPA, UNICEF-სა და UNIDO-ს მხარდაჭერითა და საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივითა ხორციელდება.