აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი, არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხოფურის, ლესემასა და ხელედის მოსახლეობას, მათ შორის, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები დიალოგის რეჟიმში წარიმართა და საუბარი შეეხო როგორც მიმდინარე და დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებს, ასევე იმ გამოწვევებს, რომელთა გადაჭრაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
პედაგოგებსა და მშობლებს ირინა აბულაძემ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია და მათ კითხვებს უპასუხა მასწავლებელთა სერთიფიცირების, კლას-კომპლექტების, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტების მოწყობის, მაღალმთიანობის დანამატისა და სხვა საინტერესო საკითხების თაობაზე.
ამ ეტაპზე სამივე სოფლის მოსწავლეებს სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება, სკოლებში შექმნილია შესაბამისი სასწავლო გარემო და მოწესრიგებულია სპორტული ინფრასტრუქტურა, პედაგოგთა კორპუსი ჩართულია ყველა იმ პროცესში, რასაც სამინისტრო სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ახორციელებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში (სადაც ამის საჭიროებაა), წესრიგდება სველი წერტილები და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მოსახლეობასთან ღია დიალოგის უმთავრესი მიზანია, 2020 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან მომავალშიც გაგრძელდება.