ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების - პატარა დმანისის, დიდი დმანისის, ვარდისუბნისა და ბოსლების მაცხოვრებლებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტის წევრებთან - დმანისისა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილსა და ზაზა ხუციშვილთან ერთად შეხვდნენ.
სოფლების მოსახლეობა ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა. ძირითად პრობლემებს შორისაა წყლის, ბუნებრივი აირისა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები.
თავის მხრივ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დახმარება აღუთქვეს და აღნიშნეს, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული პრობლემები შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. ამავდროულად, განიხილეს სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი.
შეხვედრებზე რეგიონის ტურისტულ პოტენციალზეც ისაუბრეს. დმანისის ნაქალაქარის პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ უნდა იქცეს. ასევე დაგეგმილია დაშბაშის კანიონის კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ მარშრუტად ქცევა. პრიორიტეტებს შორისაა სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სულ მალე სოფელ ბოსლებში დასრულდება მინი სპორტული მოედნის მშენებლობა.
მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანია გამოიკვეთოს ის ძირითადი საკითხები, რომლებიც 2020 წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს. ღია დიალოგი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას შორის მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, ბიუჯეტის სწორად და ეფექტურად დაგეგმვას შეუწყობს ხელს.