საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სებასტიან მოლინეუსთან, რომელსაც განათლების სხვადასხვა სფეროს მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.
მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა საქართველოში განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა ასეთივე ინტენსივობით გაგრძელდება.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელს. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რაშიც მსოფლიო ბანკის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებაც ისაუბრა და სებასტიან მოლინეუსს უნივერსიტეტის კონცეფცია და საგანმანთლებლო პროგრამების მომზადების პროცესი გააცნო.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია პროფესიული განათლების განვითარება, რაც პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან. მინისტრის აზრით, პროფესიული განათლების ხარისხი აუცილებლად უნდა პასუხობდეს საქართველოში არსებული ბაზრის მოთხოვნებს და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. მისი თქმით, პროფესიული განათლების განვითარების პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული კერძო სექტორი, რომლის ინტერესებშიც შედის კვალიფიციური კადრების მომზადება და დასაქმება.