საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ, საზოგადოებას მიმდინარე და ახალი სასტიპენდიო სქემების, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა და ცენტრის საქმიანობის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ცენტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა. მინისტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში მიიღონ განათლება. მიხეილ ჩხენკელმა ჩართულობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებსაც ცენტრის წარმატებასა და ქვეყნის ადამიანური რესურსის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი შეაქვთ.
„როდესაც გაჩნდა განათლების საერთაშორისო ცენტრის ჩამოყალიბების იდეა, აქტიურად ვიყავი ჩართული და მოხარული ვარ, რომ ეს ცენტრი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებული მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის დროსაც შეიქმნა ეს ცენტრი, მადლობა მაია ცქიტიშვილს, რომელიც დიდ მზრუნველობას იჩენს ამ ცენტრის მიმართ. უდიდესი მადლობა ქალბატონ ნინო ჭელიძეს და ცენტრის თითოეულ თანამშრომელს. ეს არის უზარმაზარი შრომა და პასუხისმგებლობა. განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია.
ცენტრის ბენეფიციართა ჩართულობა საგანმანთლებლო სისტემაში არის და იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. თითოეულ სტიპენდიატს მოგეცათ შესაძლებლობა, გესწავლათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და, ამასთანავე, მიგეღოთ ამ უნივერსიტეტებში აკადემიური ცხოვრების გამოცდილებაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. თქვენი გამოცდილება ჩვენი უნივერსიტეტებისთვის საჭირო და აუცილებელია“, - განაცხადა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წელს 170 გამარჯვებული გამოავლინა და ჯამურად, 6 წლის განმავლობაში, 850-ზე მეტი სტიპენდია გასცა. მიმდინარე წელს ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფომ 7 332 391 ლარით დააფინანსა.