მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’, „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ცენტრის კურსდამთავრებულთა დაახლოებას მათთან პროფესიულად დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. ფორუმში მონაწილეობა ასოციაციის 60-მდე წევრმა და 20-მდე კერძო თუ სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებმა/წარმომადგენლებმა მიიღეს.
ფორუმი უკვე მეოთხედ გაიმართა. ღონისძიებაზე, ახალგაზრდა პროფესიონალებმა, რომლებმაც განათლება და გამოცდილება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს, საკუთარი გამოცდილება, თანამშრომლობისა და ჩართულობის შესაძლებლობები გაუზიარეს მონაწილე ორგანიზაციებს და თავადაც გაეცნენ მათი საქმიანობის სპეციფიკას.
კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია და განიხილავს კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს, მეორე ნაწილი კი - ახლახან დაბრუნდა ქვეყანაში და მზადაა ახალი პროფესიული გამოწვევების მისაღებად.
კურსდამთავრებულთა ასოციაცია 2018 წელს დაფუძნდა და ცენტრის სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციარებს აერთიანებს.
ასოციაციის მიზნებია: კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა და გაძლიერება; ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და კონსულტაციების განხორციელება; საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.
მიმდინარე წელს ასოციაციამ, განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღო კურსდამთავრებულთა პროექტები და 8 გამარჯვებული პროექტიც გამოავლინა. პროექტების განხორციელება უკვე დაიწყო.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა დაარსებიდან დღემდე, 2013-2019 წლებში, 850-მდე სტიპენდია გასცა, ცენტრის დაფინანსებით სტუდენტებმა მიიღეს უმაღლესი განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.