საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 15 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, სადაც სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიში და 2020 წლის სამოქმედო სტრატეგია წარმოადგინა. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა.
2019 წელს ჟვანიას სკოლამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, გააფართოვა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის გეოგრაფიული არეალი, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა. სულ გადამზადდა ეროვნული უმცირესობის 3 600 წარმომადგენელი.
გარდა ამისა, 2019 წელს ჟვანიას სკოლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლების ქსელის DISPA-ს წევრი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში საბჭოს წევრ ორგანიზაციებს შორის მოხდება გამოცდილების გაზიარება ისეთ საკვანძო მიმართულებებში, როგორებიცაა: საჯარო მმართველობის ტრანსფორმაცია და მისი გავლენა საჯარო მოხელეებზე, ციფრული სწავლების საკითხები, ეთიკური მმართველობა და გაუმჯობესებულ სერვისებზე წვდომა. სკოლა თავისი საქმიანობის ფარგლებში მიღებული საერთაშორისო გამოცდილებისა და მიდგომების დანერგვას გეგმავს.
შეიქმნა და აკრედიტაცია მოიპოვა „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამამ“, რომლის ფარგლებშიც ჟვანიას სკოლა ინტენსიურად ახორციელებს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა გადამზადებას.
ჟვანიას სკოლის 15 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ჟვანიას სკოლას შორის, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება და განხორციელდება ერთობლივი სატრენინგო პროგრამები ქართველი და პოლონელი საჯარო მოხელეებისათვის, განვითარდება სასწავლო რესურსები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას.
საიუბილეო ღონისძიებას სკოლის პარტნიორი სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, სკოლის ბენეფიციარები და წარმატებული კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.