მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოს 2021 წელს პროფესიული განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგები და სიახლეები გააცნო.
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოსთან ერთად „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ დამფუძნებელია, სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრი (IFMGA) გახდა. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სამთო გამყოლის სადიპლომო პროგრამამ. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დიპლომირებულმა 30-მა სამთო გამყოლმა კი საერთაშორისო სამთო გამყოლის სტატუსი მიიღო.
ესპანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, თამარ სამხარაძესთან ერთად პროფესიული განათლების საერთაშორისო კონგრესს დაესწრო. კონგრესის ფარგლებში ასევე გაიმართა ცალკეული შეხვედრები ბასკეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან, ბასკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ესპანეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ სტუდენტებს ონლაინ ფორმატში შეხვდა. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა შექმნილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით.