საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოსთან ერთად „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ დამფუძნებელია, სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრი (IFMGA) გახდა. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სამთო გამყოლის სადიპლომო პროგრამამ. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დიპლომირებულმა 30-მა სამთო გამყოლმა კი საერთაშორისო სამთო გამყოლის სტატუსი მიიღო.
ღონისძიება საფრანგეთში, ალპინიზმის სამშობლო სამთო-კურორტ შამონიში გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა თაობის ქართველ გამყოლებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაფორმდა საერთაშორისო თანამშრომლობის რამდენიმე მნიშვნელოვანი მემორანდუმიც.
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ საჯარო და კერძო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია. სწორედ ამ თანამშრომლობამ განაპირობა კოლეჯის მიერ დარგის საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე სტანდარტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აღიარება.
საერთაშორისო ფედერაციის წევრობა ნიშნავს, რომ საქართველოს სამთო-საგამყოლო პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტები აკმაყოფილებს საერთაშორისო კრიტერიუმებს და საქართველოს ენიჭება ხმის უფლება მსოფლიოში სამთო-საგამყოლო საქმიანობის პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში. ეს ეხება როგორც პროფესიული საქმიანობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, ასევე განათლებას, მობილობას ქვეყნებს შორის და ა. შ.
მიღწეული წარმატება შესაძლებლობას აჩენს სათავგადასავლო ტურიზმის კოლეჯმა სამთო გამყოლის საერთაშორისო სადიპლომო პროგრამაზე სტუდენტები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან მიიღოს, საქართველოში დიპლომირებული სამთო გამყოლები კი შეძლებენ საგამყოლო საქმიანობა IFMGA-ს წევრ 25 ქვეყანაში აწარმოონ. სამომავლოდ კოლეჯი საფრანგეთის ალპინიზმისა და თხილამურების ეროვნულ სკოლასთან (ENSA) თანამშრომლობით ახალი სათავგადასავლო პროფესიების განვითარებას დაიწყებს.
სამთო გამყოლთა ასოციაციამ მეორე საერთაშორისო ორგანიზაციაში – მთის ლიდერთა საერთაშორისო კავშირში (UIMLA) გაწევრიანების პროცესიც დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა საფეხმავლო გამყოლის კურსის საერთაშორისო სტანდარტს დანერგავს საქართველოში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2024 წელს, წინასწარი განაცხადით, IFMGA გენერალური ასამბლეა საქართველოში ჩატარდება.