ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გაიხსნა, რომელიც დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციას საფუძველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) თანამშრომლობის შედეგად ჩაეყარა. ვარშავის უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელთან დაკავშირებული მუდმივმოქმედი სამეცნიერო ფორუმი ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ წმინდანის გარდაცვალების დღეს იმართება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და აღნიშნა, რომ კონფერენციის საერთაშორისო მასშტაბი მნიშვნელოვანია მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისთ. მისი თქმით, განსაკუთრებით საამაყოა, რომ კონფერენცია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღს –დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს ეძღვნება და კიდევ ერთხელ იძლევა მისი მნიშვნელობის გადააზრების შესაძლებლობას.
კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტების, ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ასევე, მსოფლიოს წამყვანი ევროპული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები 16 ქვეყნიდან.
კონფერენცია თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის, რომის საპიენცას უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ევროპული აკადემიისა და წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის საზოგადოების ორგანიზებით ტარდება.