საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიზნით, საჯარო სკოლებში ახალი პროექტი იწყება, რომლის მიზანს წარმოადგენს სსსმ და შშმ მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რესურს ოთახების ფუნქციონალური გამოყენების გაძლიერების, ზოგადი განათლების საფეხურიდან განათლების შემდგომ საფეხურზე ტრანზიციის ეფექტიანი პრაქტიკის დანერგვისა და სკოლის ბაზაზე მშობელთა საგანმანათლებლო კლუბების დაფუძნების გზით. პროექტი ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ორგანიზაციასთან „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის‘‘ პარტნიორობით ხორციელდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც სამინისტროს წარმომადგენლებმა ინკლუზიური განათლების მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის პროექტში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადეს და მათთან ერთად საგანმანათლებლო პროცესის თითოეული ბავშვის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგების მიზნით, ინოვაციური მიდგომებისა და მოსწავლეზე მაქსიმალურად ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
პროექტის საკვანძო აქტივობებია – სკოლაში არსებულ რესურს ოთახებთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასება და მათი აღჭურვა; სკოლის პერსონალის ტრენინგების უზრუნველყოფა რესურს ოთახების ფუნქციონალური გამოყენების საკითხების, სსსმ და შშმ მოსწავლეთა სკოლიდან განათლების შემდეგ საფეხურზე ტრანზიციის მხარდამჭერი პრაქტიკისა და მშობელთა კლუბების დაფუძნების მიმართულებით; მასწავლებელთა და სპეციალისტთა პრაქტიკის სუპერვიზია; მშობელთა კლუბების დაფუძნების, ფუნქციონირების და ტრანზიციის მხარდამჭერი მომსახურების მიწოდების პროცესში პრაქტიკოსთა მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 10 საჯარო სკოლა – თბილისიდან, რუსთავიდან, მარნეულიდან, თელავიდან, ქუთაისიდან, ქობულეთიდან და ბათუმიდან შეირჩა. მასში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ამავე ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და რესურსკოლები.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტის ფარგლებში განსაზღვრული მიზნების მიღწევისთვის და ინოვაციური მიდგომების სისტემური დანერგვისთვის, სამუშაო პროცესი მჭიდრო კოორდინირებით წარიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დაკავშირებულ უწყებებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან – ინკლუზიური განვითარების სამმართველო, ზოგადი და სკოლამდელი განათლების განვითარების დეპარტამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, უნარების განვითარების სააგენტოს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ორგანიზაცია „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ წარმომადგენლებმა.