“ჩვენი მოსწავლეების სიბეჯითე, წინსვლა და ცოდნის წადილი ის ილიასეული გზა არის, რომლითაც ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი, წარმატებული და დოვლათით სავსე მომავალი შენდება,”- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ყვარელში, „ილიაობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ილია ჭავჭავაძის დაბადების 187-ე წლისთავთან დაკავშირებით ყვარელში ტრადიციული სახალხო ზეიმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ესწრებოდნენ.
“ილიაობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მინისტრი დამსწრე საზოგადოების, მათ შორის ყვარლის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების, წინაშე სიტყვით წარდგა და ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ ისაუბრა.
ალექსანდრე წულაძე: “8 ნოემბერი მნიშვნელოვანი თარიღია ყველა ქართველისთვის, ყველა პატრიოტისთვის. დღეს აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წელს. განუზომელია ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ქართული ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში. განსაცვიფრებელია მისი მოღვაწეობის დიაპაზონი - პოეზია, პროზა, კრიტიკა, ლიტერატურის ისტორია, პუბლიცისტიკა, სოციოლოგია, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ფინანსები, სამართალი, რომელი ერთი უნდა ჩამოითვალოს. არ დარჩენილა მნიშვნელოვანი კულტურული თუ საგანმანათლებლო წამოწყება, რომლის ინიციატორი ან უშუალო მონაწილე ილია ჭავჭავაძე არ გახლდათ.მინდა, მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, თქვენი სიბეჯითე, წინსვლა და ცოდნის წადილი ის ილიასეული გზა არის, რომლითაც ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი, წარმატებული და დოვლათით სავსე მომავალი შენდება.ძვირფასო მოსწავლეებო, თქვენ ხართ საქართველოს ხვალინდელი დღე და მომავალი. შესაბამისად, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მიიღოთ ხარიახიანი განათლება და თქვენი ცოდნა ისევ სამშობლოს კეთილდღეობას მოახმაროთ.”
ილია ჭავჭავაძის დაბადების 187-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და სასულიერო პირები დაესწრნენ.