საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის სამუშაო პროექტი იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა.
შეხვედრაში საჯარო სკოლების პედაგოგები, დირექტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ მონაწილეებისგან სამუშაო დოკუმენტის შესახებ მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა და პედაგოგების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
სასკოლო საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება. აღნიშნული შეხვედრების მიზანია, რომ ახალი სქემის შემუშავების პროცესში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მასწავლებელთა საჭიროებები და ინტერესები.