საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ორი ქვეყნის განათლების სისტემებს შორის თანამშრომლობის უფრო გაღრმავებასა და საერთო საგანმანათლებლო ინიციატივების შემუშავებას.
ხაზგასმით აღინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ კავკასიოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელობა, რომლის ერთ-ერთი სავალდებულო მოდულია აზერბაიჯანოლოგია. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ამ პროგრამის როლზე კულტურული დიალოგისა და აკადემიურ სივრცეში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.
ღონისძიების ფარგლებში, თსუ-ის ბიბლიოთეკისა და მუზეუმის ორგანიზებით, სტუმრებისთვის მოეწყო აზერბაიჯანულ თემატიკაზე შექმნილი გამოფენა, რომელიც ორი ქვეყნის მეგობრულ და კულტურულ ურთიერთობებსა და საგანმანათლებლო კავშირებს უსვამს ხაზს.