განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის დელეგაციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით პირველად იმყოფება.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მინისტრმა ინსტიტუტის ინოვაციების და ცოდნის ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს რაინერ ფრიჩს, საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო, უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელა და განსაკუთრებული ყურადღება კონცეფციით გათვალისწინებულ სწავლებასა და კვლევას შორის კავშირების გაღრმავების საკითხებზე გაამახვილა.
საუბარი შეეხო ფრაუნჰოფერის ინსტიტუტისა და საქართველოში არსებულ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, სამეცნიერო და კვლევითი კომპონენტის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინოვაციურ განვითარებას უზრუნველყოფს.
თავის მხრივ, რაინერ ფრიჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები და განხორციელებული პროექტები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.