საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ბავშვთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებულ კონფერენციაზე „ინკლუზიური განათლება სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე - მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას ბაია კვიციანმა მიმოიხილა ინკლუზიური განათლების სისტემა, ამ მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები. მისი თქმით, ინკლუზიური განათლება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამაზე მიუთითებს ის, რომ ინკლუზიური განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიუხედავად მრავალფეროვანი სერვისებისა, სამინისტრო აქტიურად მუშაობს არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და ეფექტიან მართვაზე, რათა გაიზარდოს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთა ხელმისაწვდომობა განათლების ყველა საფეხურზე.
კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
კონფერენცია მიზნად ისახავდა იმ პრობლემების გამოკვეთას და დიალოგის დაწყებას, რომელიც უკავშირდება ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე ბავშვებში საჭიროებების დროულ გამოვლენასა და კვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობის საკითხს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც. კონფერენციის დასასრულს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.