საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საქართველოს ყველა რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა ინდივიდუალურ ფორმატში გამართა და მთავრობის მიერ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დამტკიცებული კონცეფცია განიხილა.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრების მონაწილეებისგან მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა. როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი და შეიქმნას სისტემა, რომლის პირობებშიც, ახალგაზრდები ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში შეძლებენ.
თითოეულ რექტორთან ზვიად გაბისონიამ ვრცლად ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი, სტუდენტთა კვოტირება, აკადემიური პროგრამა, პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება და სხვა.
რეფორმის დანერგვის პროცესში, როგორც სამინისტროში, ასევე რეგიონების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეხვედრები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.