თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალბომის - „ივანე ჯავახიშვილის სახე ქართულ სახვით ხელოვნებასა და პოეზიაში“ წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მიიღო მონაწილეობა. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ივანე ჯავახიშვილის გამორჩეულ ღვაწლზე ქართული საუნივერსიტეტო განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდა თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.
ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ალბომი სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში დაცულ ხელოვნების ნიმუშებსა და ქართველი პოეტების ლექსებს აერთიანებს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
