გაზეთი: ”24 საათი” 23 იანვარი
დიმიტრი შაშკინი: 2012 წელს, ერთხელ და საბოლოოდ, მთლიანად მოგვარდება
სახელმძღვანელოების პრობლემა
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ძირითადი არსი სკოლებისა და მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფაა. მისი მიზანია დაადგინოს, გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი წიგნები რამდენად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, რამდენად გამართულია ისინი შინაარსობრივად, მეთოდურად და ტექნიკურად.
2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში I-VI კლასებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი წარმატებით დასრულდა. 2011-2012 სასწავლო წელს დაწყებით საფეხურზე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდა, მოსწავლეები კი ახალი, ხარისხიანი სახელმძღვანელოებით იყვნენ უზრუნველყოფილნი.
2012-2013 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო და საშუალო საფეხურისთვის (VII-XII კლასები) სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი უკვე დაწყებულია. გრიფირების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ვესაუბრეთ:
ბატონო დიმიტრი, შარშან დასრულდა გრიფირება დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოებზე, როგორ წარიმართა ეს პროცესი?
საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტრომ შარშან სახელმძღვანელოების გრიფირების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. შემუშავდა გრიფის მინიჭების პროცედურის ახალი მიდგომები და პრინციპები. დაიხვეწა საკონკურსო პროცედურები, მკაცრად განისაზღვრა სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები, სახელმძღვანელოების ტექნიკური პარამეტრები და მათი შეფასების პროცედურა და მეთოდიკა. საკმაოდ მკაცრი კონკურსის პირობებში დაწყებითი საფეხურისთვის საუკეთესო სახელმძღვანელოები გამოვლინდა. 2011-2012 სასწავლო წელს I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა ახალი სასწავლო გეგმით და ახალი, ხარისხიანი სახელმძღვანელოებით დაიწყეს სწავლა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება განათლების სისტემისთვის.
მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რატომ მივიღეთ სახელმძღვანელოების შეცვლის გადაწყვეტილება - მე, ძალიან ხშირად, თითქმის ყოველ დღე, დავდიოდი და დღესაც დავდივარ სხვადასხვა სკოლაში, სადაც ვხვდები მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს. მათგან ხშირად ვისმენდი უკმაყოფილებას სახელმძღვანელოების გამო. ამ უკმაყოფილებას 3 ძირითადი მიზეზი ჰქონდა: 1. სახელმძღვანელოები იცვლებოდა ყოველწლიურად; 2. შინაარსობრივად და ტექნიკურად იყო უხარისხო; 3. ღირდა ძალიან ძვირი. თავდაპირველად გვქონდა იმედი, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებდა ამ პრობლემას და კონკურენციას მხოლოდ კარგი სახელმძღვანელოები გაუძლებდა. სამწუხაროდ, ბევრი სუბიექტური მიზეზის გამო ეს არ მოხდა. ამიტომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღის წესრიგში დააყენა მნიშვნელოვანი ცვლილების აუცილებლობა.
რა ღონისძიებას მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
2009 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელად დამნიშნა. სახელმძღვანელოებით გამოწვეული უკმაყოფილების მოგვარება თავდაპირველად გამომცემლებთან მოლაპარაკებით და თხოვნით ვცადე. სამწუხაროდ, მათმა დიდმა ნაწილმა თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და მოსწავლეების ხარჯზე ”ფულის გაკეთება” არჩია. და რადგანაც ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი ხდებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩარევის გარეშე, მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, ჩართულიყო სახელმძღვანელოების ბაზრის დარეგულირების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას შევუსრულეთ დაპირება და 2011 წელს I-დან VI კლასის ჩათვლით ახალი, შინაარსობრივად და ტექნიკურად გამართული, იაფი სახელმძღვანელოები შევთავაზეთ ჩვენს მოსწავლეებს. ამჟამად დაწყებითი საფეხურის არც ერთი სახელმძღვანელოს ფასი არ აღემატება 10 ლარს და ისინი არ შეიცვლება 5 წლის განმავლობაში.
ბატონო დიმიტრი, როგორი გამოხმაურება მოჰყვა ახალ სახელმძღვანელოებს, კმაყოფილია თუ არა საზოგადოება?
კარგად გაიხსენეთ, რამდენს საუბრობდნენ უხარისხო სახელმძღვანელოების და მათი სიძვირის გამო. მე კვლავ განვაგრძობ სკოლების მონახულებას და ბოლო 6 თვის განმავლობაში I-დან VI კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოების ხარისხთან დაკავშირებით არც ერთი პრეტენზია არ მომისმენია. ეს უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში არიან ადამიანები, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პოლიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ დაუღალავად ამტკიცონ, რომ თეთრი შავია და ასეთი სიცრუე მათთვს არანაირ მორალურ პრობლემას არ წარმოადგენს. ხალხის ეს კატეგორია, რა თქმა უნდა, ახლაც უკმაყოფილიოა, თუმცა, მათი უკმაყოფილება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. 2011 წლის გრიფირების შედეგი ასეთია - არც ერთი სახელმძღვანელოს ფასი არ აღემატება 10 ლარს. მათმა ფასმა დაიწია, მაგალითად, მეორეკლასელისთვის საჭირო სახელმძღვანელოების კომპლექტის ღირებულება 2 წლის წინ 100 ლარს აჭარბებდა, წელს მისი ფასი 52 ლარია.
უკვე დაიწყო გრიფირების კონკურსი 2012-2013 სასწავლო წლისთვის VII-XII კლასების სახელმძღვანელოებზე? მათი ფასიც 10 ლარამდე იქნება
2012 წელს ერთხელ და საბოლოოდ, მთლიანად მოგვარდება სახელმძღვანელოების პრობლემა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა უკვე გამოაცხადა VII-XII კლასების სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი, რომელიც მაისის ბოლომდე დასრულდება. მათი გრიფირების პროცედურაც ისეთივე მკაცრი იქნება, როგორც შარშან. მე კიდევ ერთხელ ვპირდები მოსახლეობას, რომ VII-XII კლასების სახელმძღვანელოების ფასიც არ იქნება 10 ლარზე მეტი. მეტიც, ამჟამად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებას ინგლისური ენის სახელმძღვანელოს გამომცემელთან, რომელიც გვპირდება, რომ I-VI კლასის ინგლისური ენის სახელმძღვანელოზე ფასს კიდევ უფრო დაწევს. შარშან ის 10 ლარი ღირდა, ახლა საუბარია ფასის 8 ლარამდე შემცირებაზე.
ბატონო დიმიტრი, რამდენიმე გაზეთმა და ონლაინ-გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ მინისტრის ბრძანების საფუძველზე სახელმძღვანელოების ფასი გაიზრდება.
ეს სრული სიცრუეა. ხოლო ის ადამიანები, ვინც მსგავს სისულელეებს იგონებენ და ავრცელებენ, ძალიან შორს დგანან საქართველოს განათლების სისტემისგან. ძალიან სამწუხაროა, რომ საკუთარ თავს ისეთ თემებზე კომენტარის გაკეთების უფლებას აძლევენ, რომლებშიც სრულიად არაკომპეტენტურები არიან. რაც შეეხება გრიფის მინიჭების საფასურის ზრდას 1600 ლარამდე -ამით სახელმძღვანელოებზე ფასი არ მოიმატებს და სახელმწიფო შემოსული თანხიდან არანაირ სარგებელს არ მიიღებს. თანხა მთლიანად გაიხარჯება იმ ექსპერტების ჰონორარზე, რომლებიც გრიფირების საკონკურსო სახელმძღვანელოებში თითოეულ სიტყვას გადაამოწმებენ, რომ შეცდომა არ გაიპაროს და წიგნი შეესაბამებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, იყოს გამართული შინაარსობრივი, მეთოდური და ტექნიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, VII-XII კლასების სახელმძღვანელოები დაწყებით საფეხურთან შედარებით გაცილებით მეტია შინაარსობრივად და მოცულობითაც და მეტი ექსპერტის შრომას მოითხოვს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თითო სახელმძღვანელოს ტირაჟი დაახლოებით 40 ათას ეგზემპლარს შეადგენს და როდესაც სახელმძღვანელოს 40-ათასიანი ტირაჟის უფლების მოპოვებაზეა საუბარი, ფასის ერთჯერადად გაზრდის გამო შეშფოთება აბსურდია. ამას ნებისმიერი ეკონომისტი დაგიდასტურებთ. კიდევ ერთხელ, მთელი პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა - 2012 წელს დასრულდება გრიფირების პროცესი 12-ვე კლასში. VII-XII კლასების მოსწავლეებიც მიიღებენ ხარისხიან და იაფ სახელმძღვანელოებს და არც ეს სახელმძღვანელოები არ შეიცვლება 5 წლის განმავლობაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეიძენს VII-XII კლასების სახელმძღვანელოებს და სოციალურად დაუცველი ფენის მოსწავლეებს უფასოდ გადასცემს.
ბატონო დიმიტრი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ასრულებს დანაპირებს, რომ არც ერთი სახელმძღვანელოს ფასი არ იქნება 10 ლარზე მეტი...
გულახდილი მინდა გითხრათ, როდესაც სახელმძღვანელოების პრობლემის მოგვარების გადაწყვეტილებას ვიღებდი, ბევრი მეგობარი და კოლეგა მეუბნებოდა - მოდი, ნუ ჩავერთვებით ამ პროცესში, რადგანაც ამით ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვკისრულობთ და მაინც გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამაში სასიკეთოს ვერ დაინახავენო. მე კრიტიკისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, ახლაც ვარ და ვიქნები კიდეც. ჩემთვის ცნობილია, რომ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძლიათ, რომ იცრუონ. მაგრამ ჩემთვის ფსიქოლოგიურ სიმშვიდეზე გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსწავლეებს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სახელმძღვანელოები ჰქონდეთ. ეს ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე მავანთა უსაფუძვლო კრიტიკა და ცილისწამება. რაც უნდათ, ის ილაპარაკონ. მთავარია, რომ განათლების რეფორმა წინ მიიწევს, სკოლებში საქართველოს მასშტაბით 600 ათასი მოსწავლეა, მათ ჰყავთ მშობლები და ისინი საკუთარ მაგალითზე ხედავენ, რომ სახელმძღვანელოების ფასი შევამცირეთ, სახელმძღვანელოები, რომლებიც ღირდა 30 ლარი, ახლა 10 ლარი ღირს. თუმცა, ისევ გამოჩნდებიან, პირდაპირ ვთქვათ, უნამუსო ადამიანები, რომლებიც განაცხადებენ, რვეული, ან კალამი რატომ ღირს ძვირიო. ეს მართლა უნამუსობაა. ადამიანებს კარგად ესმით, რომ ფასებს ეკონომიკა არეგულირებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაფერ შუაშია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსახელობას იაფ და ხარისხიან სახელმძღვანელოებს დაპირდა და ამ პირობის ნაწილი შეასრულა - I-VI კლასების მოსწავლეებისთვის. 2012 წლის გრიფირების შემდეგ დანაპირები სრულად შესრულებული იქნება.