გაზეთი ”24 საათი” 28 თებერვალი
დიმიტრი შაშკინმა ონლაინ კონფერენცია გამართა
ავტორი: ლალი ცერცვაძე
საქართველოს
განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა ონლაინ კონფერენცია გამართა,
რომელსაც სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ, შეკითხვის
დასმის
საშუალება კი
ფეისბუქის
ნებისმიერ
მომხმარებელს მიეცა.
აქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ონლაინ კონფერენცია გამართა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ, შეკითხვის დასმის საშუალება კი ფეისბუქის ნებისმიერ მომხმარებელს მიეცა.
დიმიტრი შაშკინმა კონფერენციაზე უარყო ინფორმაცია, რომ საჯარო სკოლები შესაძლოა, ფასიანი გახდეს. როგორც მინისტრმა განაცხადა, საბაზისო განათლება სავალდებულოა და, შესაბამისად, სახელმწიფოც ვალდებულია, სწავლა დააფინანსოს.
მინისტრს შეკითხვები დაუსვეს ახალი სასწავლო გეგმის შესახებაც, რომელიც ამ წლის 15 სექტემბრიდან ამოქმედდება. შაშკინმა პირობა მისცა მოსწავლეებს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები ხუთი წლის მანძილზე არ შეიცვლება და არც ერთი წიგნი 10 ლარზე მეტი არ ეღირება.
მოსწავლეები დაინტერესდნენ სკოლებში მომავლის კლასების გახსნითაც და მინისტრისგან მიირეს დაპირება, რომ ახალ სასწავლო წლამდე ასეთი 100 კლასი ამოქმედდება. მომავლის კლასების შენება მომავალ წლებშიც გაგრძელდება.
დიმიტრი შაშკინმა ინგლისური ენისა და ინტერნეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. "ინგლისური და კომპიუტერი რომ იცი, არ ნიშნავს, რომ ძალიან განათლებული ხარ, მაგრამ ნიშნავს, რომ შეგიძლია, ძალიან ბევრი იმუშაო თვითგანათლებაზე, მოიძიო ინფორმაცია ინტერნეტში და გაიღრმაო ცოდნა," - განაცხადა მინისტრმა.
"ფეისბუკის" მომხმარებლები სტუდენტების დასაქმებითაც დაინტერესდნენ. შაშკინმა განაცხადა, რომ საზაფხულო დასაქმებაზე დარეგისტრირება შეუძლია ყველას, ვინც მიმდინარე მონაცემებით სტუდენტად ირიცხება. ზაფხულის განმავლობაში ერთთვიანი მუშაობის სანაცვლოდ სტუდენტები 500 ლარს მიიღებენ.
მინისტრმა ისაუბრა მანდატურის ინსტიტუტზეც. მისი თქმით, ასეთი ინსტიტუტის შექმნის იდეა ერთი კონკრეტული შემთხვევის შემდეგ გაჩნდა: ერთ-ერთ სკოლაში მეორეკლასელი ბავშვი უფროსკლასელებმა კედელზე მიალურსმნეს. "ამიტომ გადაწყდა მანდატურის შემოყვანა და ნამდვილად გახდა სკოლა უსაფრთხო. მშობლებს შვილის სკოლაში გაშვება რომ არ ეშინიათ, ეს უსაფრთხო სკოლის დამსახურება და ჩვენი დიდი გამარჯვებაა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თავიდან სკეპტიკურად უყურებდა მანდატურის ინსტიტუტს," - აღნიშნა შაშკინმა.
მოსწავლეებმა შეკითხვები დასვეს სასწავლო პროცესის შესახებაც. დაინტერესდნენ, გეგმავს თუ არა სამინისტრო სპორტის გაკვეთილების ქალაქგარეთ ჩატარების ორგანიზებას. დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო თანამშრომლობს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, რომელიც მუდმივად აწყობს სხვადასხვა ტურნირებს ქალაქგარეთ, მოსწავლეებს კი თავისუფლად შეუძლიათ ასეთ ტურნირებში მონაწილეობა.
მინისტრმა უარყო ბოლო დროს გავრცელებული ხმებიც, თითქოს მშობლებისთვის სანქცია დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს 5 წელი შეუსრულდება და სკოლაში არ შეიყვანს. შაშკინმა აღნიშნა, რომ მხოლოდ მშობლის გადასაწყვეტია, შეიყვანს თუ არა შვილს სკოლაში 5 წლის ასაკში და ამ გადაწყვეტილებაში სახელმწიფო არ ჩაერევა.
მინისტრმა პირობა დადო, რომ საზოგადოებასთან მსგავს შეხვედრებს ყოველთვე გამართავს და არცერთ შეკითხვას დატოვებს უპასუხოდ.