21 მარტი, გაზეთი: ”ვერსია”
მო კანადი: ძალიან ვამაყობ საქართველოთი
ნინო ბარაბაძე
სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაცია (NASRO) ამერიკის შეერთებულ შტატებში 1990 წელს შეიქმნა. მისი შექმნის საჭიროება მაშინდელმა ყოველდღიურობამ განაპირობა - განსაკუთრებით გახშირებული იყო კრიმინალური თავდასხმები სკოლებზე. NASRO სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად ზრუნავს მოსწავლეების, სკოლის პერსონალის და ქონების უსაფრთხოებაზე. მისი მოვალეობაა მოსწავლეებს დაეხმაროს მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბებაში, აუხსნას უკანონო ქმედებების, ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების მავნებლობა.
NASRO-ში დაახლოებით 6 000 ქვეყანაა გაერთიანებული და ორგანიზაცია სიამაყით აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და მოწინავეა თავის სფეროში.
NASRO-ს წევრი ქვეყნები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს, გაცვლით პროგრამებს, ატარებენ ტრენინგებს მანდატურთათვის და სამსახურის საქმიანობის შესახებ სემინარებსა და კონფერენციებს აწყობენ.
2012 წლის თებერვალში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურების სამსახური ამერიკის სკოლის მანდატურის ეროვნული ასოციაციის (NASRO-ს) წევრი გახდა.
საქართველოში კავშირების გასაღრმავებლად და სამომავლო გეგმების დასასახად ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მო კანადი იმყოფებოდა.
მისტერ კანადი, როგორ მუშაობს მანდატურის სამსახური ამერიკის შეერთებულ შტატებში?
სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაცია ატარებს ტრენინგებს სკოლის მანდატურებისათვის და სკოლის დირექტორებისათვის. როგორც თქვენთვის ცნობილია, აშშ-ში მანდატურები პოლიციის თანამშრომლები არიან, რომლებიც იარაღს ატარებენ. მათი მთავარი მიზანი სკოლის მოსწავლეებთან ურთიერთობაა. მათი მუშაობის პრინციპი ერთგვარი ტრიადისგან - სასკოლო გარემო, კონსულტაციები მოსწავლეებისთვის და განათლება - შედგება.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ამერიკელი მანდატური შეიარაღებული პოლიციელია. რა საჭიროა, მანდატურმა იარაღი ატაროს სკოლაში?დიახ, მანდატურთა უმეტესობა შეიარაღებული პოლიციელია. იარაღის ტარების საჭიროება კი ამერიკულმა რეალობიდან გამომდინარეობს. სამწუხაროდ, 90-იან წლებში ამერიკის სკოლებში რამდენიმე საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა კრიმინალების მხრიდან სკოლის მოსწავლეებისთვის გახსნილ ცეცხლს ტრაგედია მოჰყვა. ამიტომ, მანდატურთა ეროვნულმა ასოციაციამ საჭიროდ ჩათვალა სკოლის სრული უსაფრთხოების დასაცავად სკოლებში სამართალდამცავები შეეშვა, ამიტომ აქვთ ამერიკელ მანდატურებს იარაღის ტარების უფლება.
იარაღის გამოყენება ხშირად უწევთ?
არა, მანდატურების უმეტესობა იარაღს არ იყენებს. მე თავად ვიყავი მანდატური 25 წლის განმავლობაში და ერთხელაც არ გამომიყენებია იარაღი, თუ არ ჩავთვლით პრაქტიკულ მეცადინეობებს. იარაღი მხოლოდ თავდასხმის მოსაგერიებლად შეიძლება იქნას გამოყენებული.
როგორ შეაფასებთ მანდატურის ქართულ სამსახურს?
ძალიან ვამაყობ საქართველოთი. ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ ქართველი მანდატურები აკეთებენ - ისინი მოსწავლეებისთვის მენტორები, მეგობრები, პატივსაცემი ადამიანები არიან.
სტატისტიკის მიხედვით მშობელთა 78% ქართულ სკოლებს უსაფრთხოდ მიიჩნევს, მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე წლის წინ სკოლაში საკმაოდ დაძაბული ვითარება სუფევდა. სკოლებში მანდატურების შესვლის შემდეგ მშობლებს მათი შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია აქვთ. სკოლებში მნიშვნელოვნად იკლო დანაშაულის ფაქტებმა. ქართველმა მანდატურებმა სწრაფად შეძლეს სკოლებში დისციპლინის დამყარება და საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობის მოპოვება.
როცა სკოლაში არის ადამიანი, ვინც მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, უსაფრთხოება უკვე გარანტირებულია. არ აქვს მნიშვნელობა, არიან თუ არა მანდატურები შეიარაღებულები, მთავარია, რომ ბავშვები უსაფრთხო გარემოში არიან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
როგორ შეაფასებდით საქართველოსთან თანამშრომლობას? როგორია ერთობლივი სამომავლო გეგმები?
ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს და ჯერ კიდევ ვსწავლობთ ერთმანეთისგან. გაქვს შეთანხმება, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ტრენინგებზე, წევრობის საკითხებზე.
მაისის ბოლოს დაგეგმილია მანდატურთა საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში. სხვათა შორის, გასული შაბათ-კვირა ბათუმში გავატარე და იქაურ რესურსებს გავეცანი. აღფრთოვანებული ვართ ბათუმის კონფერენციის მოწყობის იდეით, იქ ქართველ მანდატურთა ტრენინგიც არის დაგეგმილი.
გაცვლითი პროგრამები ხომ არ არის დაგეგმილი?
გაცვლითი პროგრამების შესახებ ჯერ არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ ვიცი, რომ დაგეგმილია ქართველი მანდატურების აშშ-ში სასწავლებლად გამგზავრება. სამომავლოდ ასევე შესაძლებელია ამერიკელი მანდატურები ჩამოვიდნენ საქართველოში და აქაურ სიტუაციას გაეცნონ, რადგანაც ჩემთვის საქართველო ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.
სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის ეროვნული კონფერენცია მოეწყობა ივლისში, ნევადაში. მოხარულები ვიქნებით ქართველ მანდატურთა იქ ხილვით.
რა მსგავსება და რა განსხვავებაა მანდატურის ქართულ და ამერიკულ სამსახურებს შორის?
ქართველ და ამერიკელ მანდატურებს შორის მხოლოდ კულტურული განსხვავებებია. რაც შეეხება მსგავსებას, ეს არის საერთო სურვილი - უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება.ბავშვები ხომ ჩვენი მომავალია.