გაზეთი ”24 საათი”; 22 მარტი
,,Summer job’’ - 25 000 ვაკანტური ადგილი თითქმის ერთ დღეში შეივსო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას - Summer Job - ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის 25 000 სტუდენტი დასაქმდება. ახალგაზრდები სახელმწიფო დაწესებულებებში და კერძო სექტორებში ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ქვედა რგოლის სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან. ვაკანსიები 70 სხვადასხვა სფეროდანაა შემოთავაზებული. პროგრამის შესახებ ვესაუბრეთ ,,Summer Job’’-ის სპიკერს, მარიამ საჯაიას.
მარიამ საჯაია: პროგრამა ,,Summer Job’’ გამიზნულია, ერთის მხრივ, იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში დასაქმება სურს. ხოლო, მეორეს მხრივ, გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს, დააფინანსოს საკუთარი სწავლა ან მოგზაურობის, დასვენებისთვის და ა.შ. გამოიყენოს. მნიშვნელოვანია, სტუდენტმა ნაყოფიერად გამოიყენოს საზაფხულო არდადეგები. ამგვარი პრაქტიკა წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.
მარიამ, როგორ მიმდინარეობს სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი?
სტუდენტთა საზაფხულო პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულ მისამართზე www.summerjob.ge. ონლაინ-რეგისტრაცია 20 მარტს, დილის 9 საათიდან დაიწყო და 20 აპრილმდე უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა, საზაფხულო პროგრამაში დასაქმების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდი აღმოჩნდა. 21 მარტის მონაცემებით დარეგისტრირებულია 24 965 სტუდენტი. საიტზე უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა - 277 000 გვერდის სტუმარი, 2 764 329 საიტის ნახვა და 124 000 უნიკალური ვიზიტორი.
დასაქმების მსურველმა სტუდენტებმა თავიანთი მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა უნდა მიუთითონ. შემდეგ სტუდენტი ირჩევს სასურველ ვაკანსიას და იმ ბანკის ფილიალს, სადაც სურს, რომ შესასრულებელი სამუშაოს ანაზღაურება დაერიცხოს. სტუდენტებს უფასოდ დაუმზადდებათ პლასტიკური ბარათები. დარეგისტრირებული სტუდენტები უნიკალურ კოდს რეგისტრაციის გავლისთანავე იღებენ. ასევე, დღეს საღამომდე ყველა სტუდენტს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნებათ ზემოთ აღნიშნული უნიკალური კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია დამსაქმებლის შესახებ და იმ ბანკის ფილიალის მისამართი, სადაც მათ ექნებათ პლასტიკურ ბარათის მიღების შესაძლებლობა. რამდენიმე დღეში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ბანკს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმიც გაფორმდება.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ვაკანსიები სახელმწიფო სტრუქტურებმა და კერძო კომპანიებმა წარმოადგენეს.
დიახ, პროგრამაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი. სახელმწიფო სექტორიდან ვაკანსიები ძირითადად წარმოადგინეს სამინისტროებმა, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მერიებმა, ასევე სხვადასხვა რაიონის გამგეობებმა. რაც შეეხება კერძო სექტორს, ყველა მსხვილმა დამსაქმებელმა ორგანიზაციამ გამოთქვა ამ პროგრამაში მონაწილეობის ინტერესი და სურვილი და საკმაოდ საინტერესო ვაკანსიებიც შემოგვთავაზეს.
შეძლებენ თუ არა სტუდენტები არჩეული პროფესიების მიხედვით დასაქმებას?
მინდა, აღვნიშნო, რომ პროგრამა ,,Summer Job’’ არ გულისმობს სტუდენტების დასაქმებას მათი პროფესიების მიხედვით. ,,Summer Job’’ - ეს არის ერთთვიანი სამუშაო, რომლის საშუალებითაც სტუდენტს შეუძლია გამოიმუშაოს პრაქტიკული უნარჩვევები და მიიღოს გარკვეული ანაზღაურება. ძალიან კარგი იქნება, თუ სტუდენტი თავისი პროფესიით დასაქმებას და კვალიფიკაციის ამაღლებას მოახერხებს. თუმცა, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს არ არის საზაფხულო დასაქმების პროგრამის ძირითადი მიზანი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ვებ-გვერდზე შემოთავაზებულია ისეთი სამუშაო ადგილები, სადაც სტუდენტებს თავიანთი პროფესიების მიხედვით დასაქმება შეუძლიათ. მაგალითად, მედდის ასისტენტი, სანიტარი - ეს ვაკანსიები კარგი შესაძლებლობაა სამედიცინო განათლების მქონე სტუდენტებისათვის-მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ დასაქმდნენ გზების, ხიდების, ესტაკადების და გვირაბების მშენებლობაზე, რაც მათ მომავალ დასაქმებას შეუწყობს ხელს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროგრამის ვალდებულებაში არ შედის მომავალი დასაქმება, ეს მხოლოდ დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული.
გაუფორმდებათ თუ არა სტუდენტებს ხელშეკრულება და როგორ გაკონტროლდება დასაქმებული სტუდენტის მიერ შესრულებული სამუშაო?
გაფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, დამსაქმებელ ორგანიზაციას და დასაქმებულ სტუდენტს შორის. ხელშეკრულებას სამივე მხარე მოაწერს ხელს და ყველა მათგანს გადაეცემა თითო ეგზემპლარი. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ყველა ის უფლება-მოვალეობა, რომელიც მხარეებს ეკისრებათ.
ვითვალისწინებთ შემთხვევებს, რომ სტუდენტმა შეიძლება არაკეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ჩვენ გვექნება მუდმივი კონტაქტი დამსაქმებლებთან. ისინი სტუდენტის მიერ სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან. პროგრამა ,,Summer Job’’-ის მონიტორინგის ჯგუფები ინდივიდუალურად, დეტალურად შეისწავლიან ყველა საქმეს და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუ სტუდენტი გამოეთიშება პროგრამას, ხელახლა გამოცხადდება ვაკანსია და მას სხვა სტუდენტი ჩაანაცვლებს. პროგრამიდან გამოთიშული სტუდენტი ანაზღაურებას ვეღარ მიიღებს. ხოლო სტუდენტი, რომელიც ხელახალი ვაკანსიის დროს დარეგისტრირდება და დასაქმდება, სამუშაოს შესრულებამდე დარჩენილი ვადის შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს.
თუ დარეგისტრირებული სტუდენტი დანიშნულ ვადაზე არ გამოცხადდება სამუშაო ადგილზე და საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობას გადაიფიქრებს, ამ შემთხვევაშიც ხელახალი ვაკანსია გამოცხადდება?
დარეგისტრირებული სტუდენტები 5 აპრილიდან 15 მაისამდე უნდა გამოცხადდნენ დამსაქმებლებთან და გააფორმონ ხელშეკრულება. თუ ამ პერიოდში სტუდენტი დამსაქმებელთან არ გამოცხადდება და არ გააფორებს ხელშეკრულებას, იგი პროგრამას გამოეთიშება და გათავისუფლებულ სამუშაო ადგილზე ხელახლა გამოცხადდება რეგისტრაცია.
როდის მიიღებენ სტუდენტები შესრულებული სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას?
სამუშაო პერიოდი განსაზღვრულია 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით. შესაბამისად, სამუშაოს შესრულების, ანუ 20 აგვისტოს შემდეგ შერჩეულ ბანკის ფილიალში დაერიცხებათ სტუდენტებს ანაზღაურება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუდენტურმა თვითმმართველობებმა წინასწარ შეადგინეს იმ სტუდენტთა სია, ვინც ვადაზე ადრე...
ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ სტუდენტური თვითმმართველობები წინასწარ არეგისტრირებდნენ სტუდენტებს. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ რეგისტრაცია 20 მარტს დაიწყო, რეგისტრაცია ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონულად და ვადაზე ადრე სისტემაში შეღწევა შეუძლებელი იყო. რეალურად ამის შესაძლებელობა არ არსებობდა. ვებ-გვერდზე მოცემული იყო მხოლოდ ვაკანსიების ჩამონათვალი. სულ სხვა საკითხია, თუ სტუდენტური თვითმმართველობები თავიანთი სტუდნტების სიებს ადგენდნენ რეგისტრაციაში დახმარების გასაწევად. შესაძლებელია, რომ რომელიმე სტუდენტს არ აქვს კომპიუტერი ან ინტერნეტი და თვითმმართველობამ მათ დახმარება გაუწია.
სხვათა შორის, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ ისიც განაცხადა, რომ რეგისტრაციის პროცესი არ იქნებოდა გამჭვირვალე. იმის დასტურად, რომ პროცესი ნამდვილად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, უკვე დარეგისტრირებული სტუდნეტები შეგვიძლია მოვიყვანოთ. სტუდენტი შედის საიტზე, იქ ნახულობს ჩამოთვლილ ვაკანსიებს და რეგისტრირდება მისთვის სასურველ სამუშაო ადგილზე. პროცესი აშკარად გამჭვირვალეა, რადგანაც თვითონ სტუდენტი ხედავს რამდენი ვაკანსიაა და ირჩევს მისთვის სასურველს.