”გაზეთი 24 საათი” , 2 აპრილი,
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უპრეცენდენტო შედეგები
აბიტურიენტებმა არჩევანი ტექნიკურ და საინჟინრო მიმართულებებზე გააკეთეს
გვანცა კილასონია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული მასწავლებელთა სასერტიფიკაციო, ერთიანი ეროვნული, საატესტატო და სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია გასულ კვირას დასრულდა. უკვე ცნობილია, რომ online რეგისტრაცია 37 ათასმა აბიტურიენტმა გაიარა და უმეტესობისთვის პრესტიჟული ზუსტი და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ფიზიკა-მათემატიკური მიმართულებები აღმოჩნდა. ორჯერ გაიზარდა არაქართულენოვან აბიტურიენტთა რიცხვი. რაც შეეხება პედაგოგთა სასერტიფიკაცო გამოცდებს, 2012 წელს რეკორდულად დიდი, 42 ათასამდე, მასწავლებელი დარეგისტრირდა. წელს პირველად, დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 73%-მა უცხო ენად ინგლისური აირჩია.
ესოდენ მასშტაბურ ცვლილებებს ექპსერტები განათლების სისტემაში გატარებულ რეფორმებს უკავშირებენ. როგორ დასრულდა რეგისტრაცია, რატომ გახდა ინგლისური მთავარი უცხო ენა, რა განაპირობებს სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტების რაოდენობის ზრდას, ამ და სხვა კითხვებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე პასუხობს.
კოკა სეფერთელაძე: „რეგისტრაცია აბიტურიენტებისთვის, მაგისტრობის მაძიებლებისთვის, გრანტის გაუმჯობესების მსურველთათვის, საატესტატო გამოცდებზე გამსვლელი მოსწავლეებისთვის და პედაგოგებითვის იყო გამოცხადებული. ყველა პარამეტრით წელს უზარმაზარი მატებაა, ცოდნის მიღების მსურველთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება.
საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ რაოდენობის მსურველთა დაფიქსირება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ რეფორმები სწორად და თანმიმდევრულად მიმდინარეობს. მოსწავლეები მოწადინებულნი არიან ცოდნა გაიღრმავონ და განათლების უწყვეტობას შეუწყონ ხელი.
ასეთი აქტიურიბა სამინისტორს ლოიალურმა პოლიტიკამაც განაპირობა. ვინაიდან სახელმწიფო არაავტორიზებულ უმაღლესი სასწავლებლების დიპლომს არ ცნობს, სამინისტრომ ასეთი სასწავლებლების სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა. წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მათ ყველა იმ კრედიტს უღიარებენ, რომელიც სწავლის პერიოდში მოიპოვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთი უმაღლესი სასწავლებელი მძლავრ სამაგისტრო პროგრამებს ახორციელებს. ამიტომ, მაგისტრანტობის მსურველთა რიცხვმაც საგრძნობლად იმატა.
რამ გამოიწვია საბუნებიმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტთა გააქტიურება?
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებები სამინისტრომ პრიორიტეტად გასულ წელს გამოაცხადა. მიზეზი შრომის ბაზარი გახდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ამ პროფესიების რელუარი დეფიციტია. ხელი შევუწყვეთ ამ კუთხით საგრანტო დაფინანსებასაც. ამ მიმართულებზე 100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი, 30%-იანი გრანტი განვსაზღვრეთ. შესაბამისად, აბიტურიენტებმა გააცნობიერეს, რომ დასაქმების პერპექტივა გაცილებით მეტი აქვთ, რადგან ბაზარი ჰუმანიტარული მიმართულებების სპეციალისტებით უკვე გაჯერებულია.
ცოტა ხნის წინ სამხედრო ინჟინერიაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს დარგი პერსპექტიულია იმდენად, რამდენადაც საქართველოში ქართველი სპეციალისტების მიერ შეიქმნა სამხედრო დანიშნულების ჯავშანმანქანები. ამ გარემოებამ ტექნიკური პროფესიბისადმი ინტერესი გააძლიერა. ალბათ ამიტომ, ყველაზე დიდი კონკურსი თავდაცვის აკადემიაში სამხედრო ინჟინერიაზეა.
ქვეყანაში მიმდინარე გზებისა და ხიდების მშენებლობებმა და ზოგადად, ინფრასტრუქტურის განვითარებამ ისეთი დარგებისადმი ინტერესი გაზარდა, რომელიც საქარათველოში პოპულარობით არ სარგებლობდა. წელს კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციულ და საიჟინრო გეოდეზიის ფაკულტეტებზე ერთ ადგილზე 55 მსურველი მოდის. დიდი მოთხოვნაა ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტებზეც - ერთ ადგილზე 7- 14 აბიტურიენტი. ასევე დიდი მოთხოვნაა IT ტექნოლოგიებზე. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია. ბუნებრივია, ამ დარგებისადმი ინტერესი ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ, სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვამ და კომპიუტერიზაციამ გამოიწვია.
ინგლისური მთავარი უცხო ენა გახდა. წელს პირველად ინგლისური ენა აბიტურიენტთა 73% მა აირჩია, რამ განაპირობა ეს ფაქტი?
როდესაც XXI-ე საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარებაზე ვსაუბრობთ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ ტექნოლოგიებთან მიმართებაში საკომუნიკაციო ენა ინგლისურია, რაც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადია. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ მოვლენებს ჩამოვრჩეთ. ინგლისური ენა პირველივე კლასიდან სავალდებულო საგნად დავნერგეთ და რამდენიც არ უნდა თქვან, რომ ჩვენ ვითომდა ინგლისური შემოგვაქვს როგორც სახელმწოფო ენა,ეს სრული აბსურდია. კონსტიტუციიით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენა არის ქართული. თუმცა, ვინაიდან ინგლისური ენა ყველაზე მოთხოვნადია, მოსწავლეებს მსოფლიო განვითარების ფერხულში ჩაბმა უნდა შევთავაზოთ, რათა თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა შეძლონ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ინგლისური ენის შესწავლა პრიორიტეტად კი გამოვაცხადეთ, მაგრამ ეს არ იქნებოდა საკმარისი, თუ არა თავად მოსახლეობის სწორი ხედვა. სწორედ ბავშვებმა განსაზღვრეს, რომ ენის ცოდნა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მეტი ენა გვეცოდინება, მით გაგვიადვილდება ურთიერთობა სხვა ქყვეყნებთან. ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ გერმანულიც, ფრანგულიც, რუსულიც, ჩინურიც და თურქული - რეგიონიდან გამომდინარე.
სწორედ ინგლისური ენის სრულყოფილად შესწავლის მიზნით ვახორციელბთ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტს ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად”. საქართველოში იმყოფებიან უცხოელი მოხალისეები, რომლებიც ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ბავშვებს ინგლისურს ქართველ პედაგოგებთან ერთად ასწავლიან. ამ ფაქტორმა უზარმაზარი როლი ითამაშა, რადგან ინგლისურენოვანი პედაგოგები ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც საუბარი უწევთ ინგლისურად, რაც ენის დაუფლების საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამიტომაც აირჩია ინგლისური ენა აბიტურიენტთა 73%-მა აირჩია. რუსული - 17-მა პროცენტმა, 7%-მა არჩევანი გერმანულ ენაზე, 3%-მა კი, ფრანგულზე გააკეთა. ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქრთველოში ინგლისური ენა დამკვიდრდა, როგორც მთავარი უცხო ენა.
2014 წლამდე მასწავლებელთა სერტიფიცირება ნებაყოფლობითია თუმცა, გამოცდებზე გამსვლელთა რიცხვი წელს თითქმის გაათმათგდა. რას უკავშირებთ ასეთ აქტიურობას?
მასწავლებელთა ასეთი უპრეცედენტო რაოდენობა აქამდე არ დაფიქსირებულა. მიმაჩნია, რომ ესეც ნათელი გზავნილია იმისა, რომ პედაგოგებმა რეფორმების დინებაში საკუთარი მზადყოფნა დაადასტურეს. მათ სურთ დაამტკიცონ რომ სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს ფლობენ. ამისთვის მოტივაციაც აქვთ, რადგან სერტიფიცირებულ პედაგოგთა ხელფასზე დანამტი 75 ლარია. მათ შესაძლებლობა აქვთ მენტორებიც გახდნენ, რაც 180 ლარიან დანამატს გულისხმობს.
ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში პედაგოგის ხელფასზე დანამატი 200 ლარია. გამოცდა ინგლისურისა და კომპიუტერის სრულყოფილ ცოდნას არ გუსლისხმობს. საუბარია პედაგოგის უნარზე, რამდენად შეუძლია მსოფლიოში მიმდინარე ინფორმაციების მოძიება და მისი მოსწავლეებისთვის გადაცემა. პედგაგოგები, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდის შემდეგ ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდასაც ჩააბარებენ და საუკეთესო 25% -ში მოხვდებიან, მათი ხელფასი 1000 ლარია. პედაგოგებისთვის 1000 ლარიანი ხელფასი მომავლის პერსპექტივა არ არის, ასეთი პედაგოგები ჩვენ უკვე გვყავს და ვიმედოვნებთ, რომ 2014 წლისთვის, როდესაც სერტიფიცირება სავალდებულო გახდება, მათი რაოდენობა აბსოლუტური უმრავლესობა იქნება.
2012 წელს პირველად, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტალურ ნაწილში გამოცდის ჩაბარების საშუალება მიეცათ საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებულ პედაგოგებსაც. პედაგოგებს, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდებათ. ასევე პირველად, სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს შესაძლობლობა მიეცათ სასერტიფიკაციო გამოცდა არა მხოლოდ უნარებში, არამედ საგნობრივ ნაწილშიც ჩააბარონ. ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგებისთვის საგნობრივი საგამოცდო პროგრამების მომზადებაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად ხელოვნებისა და სპორტის დარგების წარმომადგენლებმა იმუშავეს.
პედაგოგებისთვის 1000 ლარიანი ხელფასი მომავლის პერსპექტივა არ არის, ასეთი პედაგოგები ჩვენ უკვე გვყავს და ვიმედოვნებთ, რომ 2014 წლისთვის, როდესაც სერტიფიცირება სავალდებულო გახდება, მათი რაოდენობა აბსოლუტური უმრავლესობა იქნება.
რას მიაწერთ იმ აბიტურიენტების რიცხვის გაორმაგებას, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ცხოვრობენ?
სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში გატარებულმა კომპლექსურმა ღონისძიებებმა განაპირობა, რომ არაქართულენოვანი მოსახლეობა თვითრეალიზაციას საკუთარ ქვეყანაში ახდენს.
ათასობით სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტი წელს არჩევანს სამინისტროს მიერ დანერგილ პროგრამაზე აკეთებს, მაშინ როდესაც პროექტის დასაწყისში მხოლოდ 3-4 მსურველი იყო.
ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ მთავარი პრობლემა ენობრივი ბარიერია, მაგრამ ამ სირთულის დაძლევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროგრამა ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” აამოქმედა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით ისარგებლებენ - ისინი მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე (აზერბაიჯანულად და სომხურად) ჩააბარებენ. ერთი წლის განმავლობაში ისინი ქართულ ენას ინტენსიურად შეისწავლიან და შემდეგ წელს სასურველ ფაკულტეტზე სწავლას, უკვე უმაღლესი განათლების მისაღებად გააგრძელებენ.
ასევე პროექტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში იხსნება ქართული ენის სახლები, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები მთელი წლის განმავლობაში მოსახლეობასთან სისტემატიურ შეხვედრებს აწარმოებდნენ. სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექნილია ქართული ენის სახელმძღვანელო დამხმარე აუდიო-ვიდეო მასალით, რომელიც დონეების მიხედვითაა დაყოფილი. სწორედ სახელმწიფოს მხრიდან ასეთმა მიდგომამ გაუხსნა ჩვენს თანამოქალაქეებს ხელ-ფეხი, რომ განათლება მათ საკუთარ ქვეყანაში ქართულად მიიღონ.