გაზეთი: ”24 საათი”, 13.06.2012
„8+1“ საგამოცდო სისტემის სიახლეები და უპირატესობები
ნინო ბარაბაძე
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2013 წელს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი, „8+1“ სისტემა დაინერგება. გამოცდები სკოლებში იმავე სივრცეში ჩატარდება, სადაც ბავშვები 12 წლის განმავლობაში სწავლობდნენ. უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად მოსწავლეები რვა საატესტატო და უნარ-ჩვევების გამოცდას ჩააბარებენ. რაც შეეხება საგამოცდო ტესტებს, მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე იქნება შედგენილი, რაც მოსწავლეების რეპეტიტორებთან მომზადებას და მშობლების მხრიდან სოლიდური თანხების გაღებას გამორიცხავს.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ახალი მოდელი აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სინგაპურში და არაერთ ცივილურ ქვეყანაშია დანერგილი. ახალ სისტემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებმა მუშაობა უკვე დაიწყეს და აგვისტოში დაასრულებენ. აგვისტოდან დეკემბრამდე სკოლებში უკვე ამ სისტემის აპრობაცია მოხდება - სისტემა ყველა მიმართულებით გამოიცდება. რა აუცილებლობამ განაპირობა ახალი მოდელის დანერგვა და რა სიახლეები ახლავს მას, დეტალებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე განმარტავს.
კოკა სეფერთელაძე: “განათლების სფეროში არსებული კორუფციის გამო ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამ პრობლემის მოგვარების გარეშე განათლების სფეროში ნებისმიერი რეფორმა აზრს კარგავდა. სწორედ კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაინერგა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა - ბავშვები უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ საკუთარი ნიჭით აბარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, ამ შვიდი წლის განმავლობაში მთლიანად შეიცვალა საგანმანათლებლო სივრცე, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით - გაიზარდა მასწავლებლთა ხელფასები, შეიცვალა სკოლების დაფინანსების სისტემა, ამოქმედდა ახალი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა, შეიცვალა სასკოლო სახელმძღვანელოები, სკოლები აღიჭურვა კომპიუტერებით. ამ კუთხით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, პრეზიდენტისგან საჩუქრად კომპიუტერს არა მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, არამედ მეათეკლასელი ათოსნები, ოლიმპიადებსა და სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებულ მოსწავლეები იღებენ. სკოლების თანამედროვე ინფრასტუქტურით აღჭურვამ და, ზოგადად, რეფორმებმა ხარისხობრივად უზარმაზარი გავლენა მოახდინეს სწავლების დონის ამაღლებაზე. მოსწავლეთა აკედიმურ მოსწრებას განსაკუთრებით ხელი შეუწყო საატესტატო გამოცდებმა, რომელიც უკვე ორი წელია საქართველოს სკოლებში წარმატებით ტარდება. შარშან თუ საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეთა 17%-მდე ჩაიჭრა, წელს მხოლოდ 5%-მა ვერ გადალახა ბარიერი, რაც ძალიან კარგი შედეგია.
მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა უმაღლესი განათლების მიმართულებითაც. თუ ერთიანი ეროვნული გამოცდები ბავშვს მხოლოდ 3 საგანში -ქართულში, უცხო ენასა და უნარ-ჩვევებში ამოწმებდა, შარშან ამ საგნებს მეოთხე, მაპროფილებელი საგანიც დაემატა. უმაღლეს სასწავლებლებს საშუალება მიეცათ ბავშვი იმ საგანშიც გამოეცადათ, რომელიც ამა თუ იმ ფაკულტეტისთვის პრიორიტეტულია.
სწორედ გატარებული რეფორმებიდან გამომდინარე საჭირო გახდა განათლების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლება. რეფორმა ველოსიპედია, თუ გაჩერდები ჩამოვარდები. ამიტომ, გადავხედეთ ისეთი ქვეყნების გამოცდილებას, როგორიცა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, სინგაპური და ა.შ და გადაწყდა, რომ „8+1“ მოდელის საგამოცდო სისტემა საქართველოშიც დაინერგება.
-როგორ შეხვდნენ უმაღლესი სასწავლებლები ამ სიახლეს?
გამოცდების ახალი სისტემა უნივერსიტეტებს გაცილებით მეტ თავისუფლებას ანიჭებს.
როდესაც ბავშვი ჩააბარებს 8+1 გამოცდას, უნივერსიტეტს ექნება უფლება, მაპროფილებელ გამოცდად აირჩიოს კონკრეტული ბლოკი - ვთქვათ, საბუნებისმეტყველო, ზუსტი ან ჰუმანიტარული. მაგალითად, ახლანდელი სისტემით x უნივერსიტეტი ამბობს, რომ მაპროფირებელი გამოცდა არის მათემატიკა, ბავშვი რომელიც სოფელში სწავლობს და კარგი მოსწავლეა ფიზიკაში, დაიჩაგრება, რადგან უნივერსიტეტი ითხოვს მაღალ შედეგს მხოლოდ მათემატიკაში და ფიზიკას ყურადღებას არ აქცევს, არადა ეს ორი დისციპლინა არის ძალიან ახლოს ერთმანეთთან. ახალი სისტემა ბავშვს მისცემს შესაძლებლობას რომ გათვალისწინებული იყოს ბავშვის ცოდნა ფიზიკაშიც, ბიოლოგიაშიც და ქიმიაშიც ანუ მთელ ბლოკში. ახალი სისტემით მთელი საბუნებისმეტყველო და ზუსტი დისციპლინების მაჩვენებლების გათვალისწინება იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება უნარების გამოცდას, ის ბავშვის ცოდნას ყველა იმ საგანში ამოწმებს, რომელსაც სკოლაში სწავლობს. ეს უსასრულო პროცესია. როდესაც საატესტატო გამოცდები არ არსებობდა, აღნიშნული მეთოდი გამართლებული იყო. ამჟამად კი, საატესტატო გამოცდები დამამთავრებელი კლასის მოსწავლის ცოდნას 8 სავალდებულო საგანში ამოწმებს, რაც იძლევა გარანტიას, რომ ბავშვს ძირითად საგნებში შესაბამისი ცოდნა აქვს. ამიტომ, ისე როგორც ცივილურ ქვეყნებში, უნარ-ჩვევების გამოცდა საქართველოშიც მხოლოდ იმ რვა საგანის ცოდნაზე იქნება დაფუძნებული, რომელსაც მოსწავლეები საატესტატო გამოცდებზე აბარებენ.
-რის საფუძველზე გამორიცხავს ახალი სისტემა რეპეტიტორების საჭიროებას?
-ახალ მოდელში ჩვენთვის სწორედ რეპეტიტორების ფაქტორია ფუნდამენტალური. იქიდან გამომდინარე, რომ საგამოცდო ტესტები მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე იქნება შედგენილი, კონკრეტულად კი იმ მასალიდან, რომელსაც მოსწავლეები სკოლაში სწავლობენ, სწორედ ამიტომ, ბავშვებს რეპეტიტორები აღარ დასჭირდებათ. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასაძლევად მათთვის სკოლაში მიღებული განათლება საკმარისი იქნება და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას რეპეტიტორებთან შვილის მომზადების შესაძლებლობა არა აქვს.
-მოსწავლეები გამოცდებს კვლავ საგამოცდო ცენტრეში ჩააბარებენ? ხომ არ შეიცვლება გამოცდების თარიღი?
-მოსწავლეები გამოცდებს
იმ სივრცეში ჩააბარებენ, სადაც
12 წელი
სწავლობდნენ. შესაბამისად, გამოცდები მათთვის ნაკლებად სტრესული იქნება. როგორც წესი,
გამოცდები ივლისში ტარდება, მაგრამ ეს თვე,
თუნდაც აუტანელი სიცხის გამო, რთულია. ამიტომ, გამოცდები მაისში ჩატარდება.
-როგორც პრეზიდენტმა განაცხადა გამოცდებზე გასვლა რამდენჯერმე იქნება შესაძლებელი.
-მუდმივად არსებობდა ობიექტური მიზეზები, რის გამოც
ბავშვები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გადიოდნენ და ერთ წელს კარგავდნენ. ამიტომ, არა მხოლოდ ასეთ ბავშვებს,
ყველას და მათ შორის ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც უნდა მივცეთ საშუალება გამოცდები ხელახლა გადააბარონ. შედეგის გაუმჯობესების
შესაძლებლობა აბიტურიენტებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ.
-რა ეტაპზეა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი?
-სამინისტროს ექსპერტები მუშაობენ იმაზე, რომ ყველა დეტალი სათანადოდ იყოს გათვლილი. ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს! ამიტომ ყველა დეტალი აწონილი და გააზრებული იქნება. კომისია მუშაობას აგვისტოში დაასრულებს, რის შემდეგაც სკოლებში აპრობაციები დაიწყება.
აპრობაციებისა და პრეტესტების მეშვეობით დადგინდება ატესტატის მისაღებად საჭირო ბარიერი და უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად საჭირო ქულები.რეგულირებად პროფესიებზე ბარიერს სახელმწიფო დააწესებს, მაგრამ უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ ეს ბარიერი კიდევ უფრო გაზარდონ.
ექსპერტები მუშაობენ დაფინანსების საკითხზეც, რომელიც ასევე ცოდნაზე იქნება დაფუძნებული. დაადგენენ იმ კომპონენტებს, თუ რის მიხედვით განისაზღვრება სახელმწიფო გრანტი. ესაა რთული პროცესი, მაგრამ ამის განსაზღვრა ბევრად უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ახლა. ახალი მოდელი ”8+1” მოგვცემს იმის შესაძლებლობასაც, რომ საერთაშორისო სერტიფიკატების, მაგალითად, ინგლისურში ტოიფელის აღიარება მოვახდინოთ.
ყველა ამ დეტალზე ექსპერტები მუშაობენ და აგვისტოს ბოლოს საზოგადოებისთვის სრული პაკეტი იქნება ცნობილი.