18-28 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე გაიმართება.
ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, შერეულ ფორმატი ჩატარდება – საერთაშორისო გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება, ხოლო ბიენალეს საგანმანათლებლო პროგრამა და სცენოგრაფიის საერთაშორისო სიმპოზიუმი ონლაინ ფორმატში ჩატარდება. ბიენალეში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებენ ხელოვანები და სტუდენტები საქართველოდან, სომხეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, კანადიდან, სერბეთიდან, პოლონეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და უნგრეთიდან.
თბილისის სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე 18 ოქტომბერს, თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენით გაიხსნება. საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში საქართველო წარმოდგენილი იქნება 2019 წელს პრაღის საერთაშორისო კვადრიენალეზე წარმოდგენილი ნაციონალური პავილიონის ნაწილით - ქართველი რეჟისორების - დავით დოიაშვილის, დათა თავაძის, ნიკოლოზ საბაშვილის, გურამ მაცხონაშვილის - სცენოგრაფიული ნამუშევრებითა და რუსთაველის თეატრის გოგი მესხიშვილის თეატრალური მხატვრობის სკოლის ინსტალაციით, რომელმაც სტუდენტურ სექციაში ოქროს მედალი მიიღო.
ბიენალეს საგანმანათლებლო პროგრამის „Masters' Lab“ - ის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტები ბრაზილიიდან, იტალიიდან, სერბიიდან და რუსეთიდან ჩაატარებენ ონლაინ ლექციებსა და მასტერკლასებს თეატრისა და კინოს სცენოგრაფიის, საკურატორო საქმის, ხმის დიზაინის, ვიდეო და მულტიმედია არტის თემებზე.
„სცენოგრაფიის საერთაშორისო სიმპოზიუმი“ წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაცია OISTAT-ის, სცენოგრაფების, თეატრის არქიტექტორთა და ტექნიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ ონლაინ ღონისძიებას, რომელიც 3 დღის მანძილზე გააერთიანებს პრაქტიკოსებსა და თეორეტიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სიმპოზიუმს უხელმძღვანელებს სცენოგრაფთა საერთაშორისო ქსელის OISTAT-ის კვლევითი კომისიის თავმჯდომარე პროფ. ქეით ბარნეტი დიდი ბრიტანეთიდან.
თბილისის სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალეს მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა სცენოგრაფების პროფესიულ განვითარებას, ვიზუალური და თეატრალური ხელოვნებების დარგებში თანამედროვე ტენდენციებზე ინფორმაციის გაცვლას, საერთაშორისო პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ინტერკულტურულ დიალოგს; საქართველოში თანამედროვე პროფესიების: განათების დიზაინის, ხმის დიზაინის, მულტიმედიური სცენოგრაფიის დამკვიდრებასა და ახალი მეთოდოლოგიების შესწავლას; თანამედროვე ქართული სცენოგრაფიის განვითარებას, საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას.
თბილისის სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის - საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით იმართება. მხარდამჭერები: ქ. თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სადაზღვევო კომპანია „არდი“.