საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის - TIMSS (Trends in International Mathematics and Science Study) შედეგების მიხედვით ქართველმა მოსწავლეებმა გააუმჯობესეს შედეგები და რიგ შემთხვევებში სტატისტიკურად გაუთანაბრდნენ საერთაშორისო საშუალო მაჩვენებლებს, რაც TIMSS კვლევაში საქართველოს მონაწილეობის 16 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.
კერძოდ, 2023 წელს საქართველოს სკოლების მეოთხეკლასელებმა, კვლევის წინა ციკლთან შედარებით 16 ქულით გააუმჯობესეს საშუალო მაჩვენებელი მათემატიკაში, რაც სტატისტიკურად არსებითი გაუმჯობესებაა. საქართველოს მე-4 კლასელების საშუალო მაჩვენებელი მათემატიკაში 498-ია, რაც, სტატისტიკური ცდომილების გათვალისწინებით, უტოლდება TIMSS-ის საერთაშორისო სკალის საშუალო მაჩვენებელს (500).
აღნიშნული მონაცემის მიხედვით, 58 ქვეყანას შორის, საქართველო 37-ე ადგილზეა. პრაქტიკულად ანალოგიური მაჩვენებელი აქვთ: ესპანეთს და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს. საშუალო მაჩვენებელი კი აღემატება აზერბაიჯანის, ბელგიის, საფრანგეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და სხვათა მაჩვენებლებს.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისგან, ესპანეთისა და ახალი ზელანდიისგან განსხვავებით, რომელთაც 2023 წლის ციკლში საქართველოს მსგავსი შედეგები დააფიქსირეს, ჩვენი მოსწავლეების შედეგები გამოირჩევა მუდმივი ზრდის ტენდენციით. საერთო ჯამში, საქართველოში TIMSS-ის მეორე ციკლის ჩატარებიდან (2011) 2023 წლამდე შედეგების 48-ქულიანი გაუმჯობესება გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს წარმომადგენელი მეოთხეკლასელების შედეგები მათემატიკაში 11%-ით გაუმჯობესდა, მინიმალური კომპეტენცია კი 16%-ით მეტმა მოსწავლემ დაადასტურა.
ყოველი მომდევნო ციკლის ფარგლებში მზარდი მაჩვენებელი ფიქსირდება მერვეკლასელებს შორისაც. 2023 წელს საქართველოს წარმომადგენელმა მერვეკლასელებმა კვლევის წინა ციკლთან შედარებით 6 ქულით გააუმჯობესეს საშუალო მაჩვენებელი მათემატიკაში და ამით, 44 ქვეყანას შორის, საქართველო 28-ე ადგილს იკავებს. ამასთან, ჩვენი საშუალო მაჩვენებელი საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩება – საქართველო წინ უსწრებს ყაზახეთს, საუდის არაბეთს, სამხრეთ აფრიკას, ბრაზილიას და სხვა ქვეყნებს.
კვლევის პირველი ციკლიდან მოყოლებული, შედეგების გაუმჯობესების პოზიტიური დინამიკა იკვეთება მე-8 კლასშიც. ყოველ მომდევნო ციკლში, საშუალოდ, ჩვენი მოსწავლეები წინა ციკლის შედეგზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. 2011-დან 2023 წლამდე იკვეთება 36-ქულიანი გაუმჯობესება, რაც გულისხმობს, რომ მერვეკლასელების შედეგები 8%-ით გაუმჯობესდა, ხოლო მინიმალური კომპეტენცია დაადასტურა 13%-ით მეტმა მოსწავლემ.
რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნებს:
• მეოთხეკლასელების საშუალო შედეგები, წინა ციკლთან შედარებით, 11 ქულით გაუმჯობესდა. მიღწეული შედეგით საქართველო 58 ქვეყანას შორის 43-ე ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მონტენეგრო, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია. აღსანიშნავია, რომ 2011 წელთან შედარებით, მინიმალური კომპეტენცია 7%-ით მეტმა მოსწავლემ დაადასტურა.
• მერვეკლასელების შედეგებით კი საქართველო 44 ქვეყნიდან 31-ე ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ყაზახეთს, ბრაზილიას, საუდის არაბეთს, აზერბაიჯანს და სხვ. 2011 წელთან შედარებით, მინიმალური კომპეტენცია დაადასტურა 10%-ით მეტმა მოსწავლემ.
უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის გავლენით, 2019 წლის ციკლთან შედარებით, საბუნებისმეტყველო საგნებში ქვეყნების საშუალო მაჩვენებლები ძირითადად შემცირდა, თუმცა ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ქართველი მოსწავლეების შემთხვევაში, რაც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიმართულებით საგანმანათლებლო საზოგადოების მიერ გაწეული სწორი ძალისხმევის ერთ-ერთი ინდიკატორია.
TIMSS უმნიშვნელოვანესი ინფორმაციული რესურსია, რომელიც მოსწავლეთა კომპეტენციის შეფასებასთან ერთად, იძლევა მათი შედეგების საერთაშორისო სტანდარტებთან შედარების საშუალებას. ამასთან, კვლევის რეგულარულობა მიღწევებზე გავლენის მქონე ფაქტორების გამოვლენას უწყობს ხელს.
კვლევა შეისწავლის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეების მიღწევებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში; მას საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) 4-წლიანი ინტერვალით ატარებს.
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგია ხარისხიანი ზოგადი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით, სწორედ მსგავსი ტიპის ფართომასშტაბიანი, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების შედეგების ანალიზს ეფუძნება და მიზნად ისახავს სკოლებში მათემატიკის და STEM საგნების სწავლების გაძლიერებას. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის ზრდას და საერთაშორისო დონეზე ჩვენი მოსწავლეების შედეგების მუდმივ გაუმჯობესებას.